დიახ, მე ფემინისტი ვარ!

ბოლო დღეებში რამდენიმე ირონიულ პოსტს გადავაწყდი ფემინიზმთან დაკავშირებით. მახსოვს შეკითხვაზე,”გჯერათ თუ არა ქართული ფემინიზმის”, უმრავლესობამ არათი უპასუხა. ვერ გეტყვით, ვის რატომ არ სჯერა ქართული ფემინიზმის, მაგრამ ფაქტია, საზოგადოების (თუ ეს არსებობს ჩვენში) დიდ ნაწილს არასწორი წარმოდგენა აქვს ფემინიზმზე და იგი მამაკაცებთან მებრძოლი გაბოროტებული ქალების იდეოლოგიად წარმოუდგება. თუ მამაკაცი ამბობს რომ ფემინისტია, მასაც რაღაც იარლიყებს აარტყამენ. ალბათ არასდროს დამავიწყდება ნაცნობის სიტყვები, როცა ჩემ ფემინისტობაზე გაიგო. სულ მინდოდა ფემინისტი ბიჭი მეგობარი მყოლოდაო, თურმე ნუ იტყვით, ფემინისტი და ფემინური ერთმანეთში ერეოდა. მასაც , ისევე როგორც ალბათ სხვა ბევრს, ფემინისტი ბიჭი გეი ჰგონია.
ჩემთვის ფემინიზმი არაა იდეოლოგია, არამედ გააზრება იმისა, რაც დღეს ქალთა დიდი ნაწილის თავს ხდება. ბუნებრივია, პრობლემებისაგან არც მამაკაცები არიან დაზღვეულნი, თუმცა ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ დარწმუნდე რა რთულია ქალთა საგრძნობი ნაწილისათვის ცხოვრება. სოციალურ, ეკონომიკურ თუ სხვა ფაქტორებს სტერეოტიპებიც ემატება, რომლებიც იმდენად ღრმადაა ფესვგადგმული ჩვენში, რომ მათი აღმოფხვრა 2 ან 3 წელიწადში, უბრალოდ წარმოუდგენელია. სახლის საქმე, რომლის კეთებაც უმეტესად ქალს უწევს, ისე არ ფასობს, როგორც მამაკაცის. აღნიშნული შესაძლოა ბევრს სისულელედ მოეჩვენოს, მაშინ მომილოცავს, თქვენ გარშემო თუ მსგავსს პრობლემებს არ წაწყდომიხართ.
ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გადაწყვეტილებებს მხოლოდ მამაკაცები ღებულობენ.ქალები საქართველოს 150 კაციანი პარლემენტის მხოლოდ 6%–ს წარმოადგენენ. მაშინ როცა მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ. თუ ვინმეს ეს პრობლემა არ ჰგონია, ან მათი აზრით ეს ბუნებრივად მოგვარებადი საკითხია, ძალიან ცდება. მამაკაცებს უძნელდებათ იმ ძალაუფლების დათმობა ან განაწილება, რომელიც ეგზომ ტკბილია მათთვის. სტერეოტიპი, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს ძლიერია, თუმცა ის ქალებიც კი, რომლებიც ასე თუ ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში, ან პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთვებიან, დაბალ რგოლებში არიან წარმოდგენილნი. ასე მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მომუშავეთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, თუმცა მმართველ თანამდებობებზე, როგორც წესი მამაკაცები გვევლინებიან. (სხვათა შორის, ეს ერთ–ერთი მამაკაცი დიპლომატისგან გამიგია). რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ პარლამენტს, ეს რიცხვი ჟორდანიას დროინდელისგან, დიდად არ განსხვავდება. ალბათ ყველას გახსოვთ შეხედულება, თუ გოგო კარგად სწავლობდა სკოლაში, ბეჯითი იყო, ხოლო კარგი მოსწავლე ბიჭი–ნიჭიერი.
ქალთა საგრძნობი ნაწილი გამხდარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ძალადობა ქალზე, არ ახალია, ძველია, თუმცა ეს რატომღაც მხოლოდ ოჯახურ პრობლემად განიხილება და არა საზოგადოებრივ დანაშაულად. მამაკაცის მიერ ძალის დემონსტრირება, ოჯახში საბოლოო სიტყვის მამაკაცზე გადაბარებაც, ნორმალურად მიიჩნევა. სამწუხაროდ, ჩემ გარშემოც და ამას ვაწყდები უნივერსიტეტშიც კი, ქალი მოხმარების ობიექტი , ნივთი უფრო ჰგონია ზოგს, ვიდრე – სუბიექტი. მახსოვს ჯგუფელის დასმული კითხვაც, ”შენ ხო კაცი ხარ და არა ქალი, რაში გაინტერესებს ქალის და კაცის თანასწორობა, ქალი ხომ არ ხარო?” დიახ, მე მამაკაცი ვარ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია მამაკაცთა სრულფასოვანი ცხოვრება ემანსიპირებული ქალის გარეშე. საზოგადოება, სადაც ქალი ზოგადად პასიური არსების სახით წარმოუდგენიათ, განწირულია უპერსპექტივო მომავლისათვის.
მე მინდა ქალი მეტად იყოს ჩართული პოლიტიკაში და ყველაფერს მამაკაცები არ წყვეტდნენ.
მე მინდა ქალი უფრო იყოს ჩართული ბიზნესში და ყველაფერს მამაკაცები არ ფლობდნენ.
დიახ, მე მინდა, ქალი უპირველესად ქალთან ასოცირდებოდეს და არა აუცილებლად წმინდანთან გაიგივებულ დედასთან.
დიახ, მე მინდა, ქალის უპირველეს მოვალეობად ჩემს ქვეყანაში შვილების გაჩენა არ მიაჩნდეთ.
მე მინდა, ქალი სუსტ სქესად არ მიაჩნდეთ ”ჩვენს ინფორმაციულ საზოგადოებაში”, სადაც ყველაზე მეტად სწორედ ინფორმაციას გვიმალავენ.
დიახ, მე მინდა, ქალი მამაკაცის უბრალო დანამატი კი არ ეგონოთ, არამედ პარტნიორი და თანამებრძოლი, უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.
დიახ, მე მინდა, ფემინიზმი კაცთმებრძოლეობა კი არ ეგონოთ, არამედ თანასწორობის მიღწევის სურვილი და საშუალება.
დიახ, მე მინდა , ჩემს გარშემო ქალი ‘სუსტ სქესად’ არ აღიქმებოდეს, რადგან ქალი უპირველესად ჩვენ, მამაკაცებმა აღვიქვით ‘სუსტ სქესად’.
დიახ, მე მინდა, ქალის და მამაკაცის თანასწორობის აუცილებლობაზე საუბარი ჩემს ვაჟიშვილს არ მოუწიოს თანატოლი გოგონებისთვის, ისევე როგორც ეს მე მიწევს დღეს..

25 thoughts on “დიახ, მე ფემინისტი ვარ!

  1. რამდენიმე ფემინისტი გოგოსგან გამიგია, არ გვჭირდება მამაკაცების ნებართვა, უფლებებისთვის ვიბრძოლოთო; ერთი შეხედვით, კარგი ინსტინქტია, მაგრამ ინსტინქტის დონეზე; ბევრი – პირველ რიგში კი არაერთი ფემინისტი – ვერ აცნობიერებს, რომ გენდერული უთანასწორობით ორივე სქესი იჩაგრება.

    • ხშირად სამწუხაროდ თავის სფეროში წარმატებული ქალებისგან მოდის მსგავსი დამოკიდებულება. რადგან თვითონ რამეს მიაღწიეს, ჰგონიათ, რომ სხვა ქალებისთვისაც ადვილია წარმატების მიღწევა.
      რა თქმა უნდა, გენდერული უთანასწორობა ორივე სქესისთვისაა ცუდი.

  2. ლექციაზე ვთქვი ერთხელ მე უფრო ფემინისტი ვარ ვიდრე ბევრი ქართველი ქალი მეთქი და ეს ფაქტი ქვეყნის სირცხვილად შევრაცხე. აუდიტორიის რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო: “ფემინისტი ბიჭი? ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ”
    აი მაგ დროს მიხვდი რა ტრაკშიც ვართ.

    • მაგას რა თქმა უნდოდა თემუჩინ, ბევრ ქალზე მეტი ფემინისტი რომ ხარ და რომ ვარ, ეგაა პრობლემა.
      მგონი ყველგან მსგავსი დამოკიდებულებაა, მნიშვნელობა არა აქვს უნივერსიტეტს, რეგიონს , ქალაქს თუ ა.შ.

      • სულაც არა… ღმერთო არ მჯერა, რომ შეგნებული ბიჭები ვიპოვე… თქვენ ჩემს ირგვლივ უნდა ნახოთ. მეგობრების რეაქცია: გოგო ფემინიზმს ემხრობი?? სულ გაგიფრენია. ტრადიციას ეწინააღმდეგები. ქალის მოვალეობებს ლახავ და ბლა ბლა… მაგარია >_<

  3. კარგი პოსტია, მომეწონა და რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ფემინისტი ვარ, უბრალოდ, არ ვაღიარებ 🙂

  4. ალბათ ყველას გახსოვთ შეხედულება, თუ გოგო კარგად სწავლობდა სკოლაში, ბეჯითი იყო, ხოლო კარგი მოსწავლე ბიჭი–ნიჭიერი. – maxsovs ki ara, sawinaagmdegos mtkiceba miwevda mteli 12 weli. rac ar unda saintereso proeqti tu prezentacia gameketebina, gakvetilebis chabarebaze ar vlaparakob, bolos mainc imas daayolebdnen, rom kargi gogo var, magram turme ver gavutoldebi nichit chems klasel bichebs, romlebic 12 weli usaqmurad isxdnen da ramdenime matgans skola jer kidev ar duamtavrebia da axla chemi dis klaselebi arian. – bolos mombezrda da maswavleblebtan kamats shevshvi, romlebic imas amtkicebdnen, rom rac ar unda melaparaka, es bunebrivad esea. mokled am frazam skolis arc ise kargi wlebi momagona ://

  5. კარგი პოსტია, თუმცა პრობლემა ძალიან რთულად აღმოფხვრადია, არა იმიტომ, რომ ქალი თუნდაც სუსტ სქესად და დაკნინებულ არსებად მიაჩნიათ, არამედ იმიტომ რომ ერთხელ აუცილებლად დადგება დღე როდესაც “თანასწორები ვართ”–ის ყვირილი იქნება მოდაში და ამის გამოხატვაც არასწორად მოხდება, თავად ეს იდეაც ბოლომდე ვერ იქნება გაგებული, რისი შველაც კიდევ უფრო პრობლემური იქნება.
    მე პირადად ძალიან მაღიზიანებს დამოკიდებულება, როდესაც ქალები თავად მიიჩნევენ თავს ჩაგრულებად და ამბობენ “ეს იმიტომ, რომ ქალი ვარ” ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ამ არგუმენტით თავს იმშვიდებენ. საბოლოო ჯამში სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ 6 წლიანი სტაჟის განმავლობაში კარიერულ წინსვლაში ჩემ სქესს ჩემთვის ხელი არასდროს შეუშლია. ამასთან აუცილებელია არ დაგვავიწყდეს, რომ კონკრეტულ “პოსტებზე” კონკრეტული სქესის მოაზრება ხშირად გამართლებულია, არსებობს პოზიციები რომლებზეც ან უფრო მეტად ქალი ამართლებს ან მამაკაცი, ამა თუ იმ მიზეზით, თუმცა ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ერთ–ერთი სქესის წარმომადგენელი დაჯდეს და დაწიყოს თავში ხელების ცემა მჩაგრავენო (იგივე ვარიანტია, წარუმატებლობის შემთხვევაში, რომ ამბობენ “ჩაწყობა იყოო” მიუხედავად იმისა შეეფერება თუ არა ეს სინამდვილეს), ეს კომფორტის ამბავია, როგორ გირჩევნია, რომ გჯეროდეს.
    ქალების ძალიან დიდ პროცენტს ნამდვილად არასწორად ესმის ფემინიზმიც და თანასწორობაც, არ მესმის რატომ უნდა მიიჩნევდეს ნორმალური ქალი შეურაცხყოფად იმას, რომ როდესაც 50 კგ–იან ჩემოდანს მიათრევს მამაკაცი მივიდეს და დახმარება შესთავაზოს, ამით ვინ კნინდება ამიხსენით? სრულიად გაუგებარი დამოკიდებულებაა. სწორედ მთავარი პრობლემა იმაშია, რომ იდეაა გაუგებარი.
    ისინი კი ვინც იმით არიან დაკავებული რომ კივიან მჩაგრავენო, თუმცა მეტს არაფერს აკეთებენ რეალურად არიან ამ პრობლემის სათავე.

    • მადლობა კომენტარისთვის.
      ხშირად მსმენია, რომ ქალი მხოლოდ იმიტომ ვერ წინაურდება რამე სფეროში, რომ ქალია. უბრალოდ ჰგონიათ, რომ მამაკაცი უკეთ შეეფერება ან გაართმევს თავს საქმეს. თუმცა ყველგან ასე არ ხდება, რა თქმა უნდა.
      ”თანასწორები ვართ” და ყვირილი ამაზე, ისევე მოდაა ან იქნება, როგორც ”ლიბერალობის ” დაბრალება, როცა ეს რეალურად არ გესმის, რას ნიშნავს.
      ჩემოდნებზე მიხმარებაში პრობლემას ვერ ვხედავ. ვერც იმაში, თუ უფროს მანდილოსანს ადგილს დაუთმობს ვინმე 🙂

  6. ნუ, რა შემიძლია ვთქვა. მართლა მომეწონა და კარგი პოსტია. იმედია ბევრი მიქვდება ქალს, კაცს, ფემინისტსა და “ქალების მაჩალკას” შორიდ რა განსხვავებაა :დდ

    • მადლობა ნოჩ.
      კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი :დ
      მეც იმედი მაქვს, მაგრამ იმედის იმედზე მტერი იქნა :დ

      • ეგ არაფერი კაცო. ვინმე მიაქცევს ყურადღებას. სხვა თუ არაფერი, არსებობს ფემინისტური ორგანიზაციები და მრავლად არიან ადამიანები, ვინც ამ საკითხზე მუშაობენ. ასე რომ მთლად გულიც არ გაიტეხო. ყოველთვის ვამბობ იმას, რომ თუ რამის გაკეთება გინდა და პრობლემის გადაჭრა, just do it :დ (ეს შენ არ გეხება) :)))

  7. დიახ, მე მინდა, ქალი მამაკაცის უბრალო დანამატი კი არ ეგონოთ, არამედ პარტნიორი და თანამებრძოლი, უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.
    დიახ, მე მინდა, ფემინიზმი კაცთმებრძოლეობა კი არ ეგონოთ, არამედ თანასწორობის მიღწევის სურვილი და საშუალება.

  8. დავიწყებ იქედან,რომ იმის გამო ,რომ ჭკვიანი ვარ (სხვათაშორს ჩემი იდეების წაყლობით გამოყავთ თავი ჭკვიანი და მოაზროვნე, ტელევიზორში გამოფენილ ლენჩებს და გამოთაყვანებულებს), მოაზროვნე და ამავე დროს ძლიერიც ,არც მეტი და არც ნაკლები სქესის აღრევა დამაბრლაეს.იმის გამო რომ ჭკვიანი ვარ და პროგრესულად ვაზროვნებ ,ამ ქვეყანაში მცხოვრები დანარჩენი ლენჩებისაგნ განსხვავებით ,უმეტესობას ვგულისხმობ და არა ყველას , გდაწყვიტეს რომ მე მდედბორბითი სქესის წარმომადგენელი არ ვარ ,რაგდან არ შეიძელება გოგო ჭკვიანი იყოს ,არ შეიძლება ის აზროვნებდეს,არ შეიძელბა მორალურად ძლიერი იყოს ,რაგდან ეს ყველაფერი ამ განუვითარებელთა საზოგადოებაში მხოლოდ მამარობითი სქესის წარმომადგენელათან ასოცირდება. იმის გამო რომ ვიღაცეებმა საფრთხე დაინახეს ჩემში ,როგორც კონკურენტის და მოწინააღმდეგის ,გადწყვიტეს რომ გაეკთებინათ ყველაფერი ჩემს გასანადგურებლად! საერთოდ რა თანასწორობაზეა საუბარი ,როდესაც ყველა ისჯება ვინც სიმართელს იტყვის,ყველა ისჯება ვისაც აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ამ დებილების და ჩლუნგების ხროვაში! და საერთოდ ილიზიაა რამის შეცვლაზე და გამოსწორებაზე ფიქრი,რადგან ამგვარ საზოგადოებაში(თუ შეიძელბა ცხოველებზე უფრო დაბალ დონეზე დასულ ხალხს საზოგადოება უწოდო) ,უფრო სწორედ ბრბოში, შეუძლებელია რაიმე პროგრესულმა,საღმა აზრმა გაიმარჯვოს.საშინელი განუვითარებლობა და შესაბამისად საშინელი განიკითახაობა დიდი ხანია ფესვგადგმული და დამკვიდრებულია ქართულ საზოგადოებაში. მინდა ჩვენმა ახალგაზრდა,მომავალმა თაობამ შეცვალოს ეს ყველაფერი,ეს საშინელი გულისამრეობა,მაგრამ ვხედავ რომ ეს შეუძლებელია.ეს ხალხი წუმპეშია ჩაცვენილი,იხრჩობა ,იგუდება ,მაგრამ აქედან ამოსვილასთვის არაფერს აკეთებს,რადგან ვერ ხვდება ,რომ წუმპეშია,მაგრამ რომც მიხვდეს მაინც არაფერს გააკეთებს,რადგან წუმპეში და ჭაობში ყოფნა ურჩევნია,რაგდან მიჩვეულია.ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო,ამათზეა ნათქვამი.

    • გეთანხმები Summer’s Rain სრულად, იმდენად რომ აღარაფრის დამატება აღარ სჭირდება 🙂 უბრალოდ თანამოაზრეები ვართ, ბრმა, ყრუ და უგუნურია ბრბო და თუ პიროვნება გამოერია ქრისტესავით ჯვარზე გააკრავენ, რატომ ხდება ესე ამას ვერ ვხვდები რა მექანიზმია ეს და რითი შეიძლება ეს აიხსნას?

  9. ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ საქართველოში მაცხოვრებელ ქალთა თითქმის 90% ვერ ათვიცნობიერებს იმას რომ ,,კაცური კულტურის” სივრცეში ცდილობს საკუთარი თავის რეალიზებას, მე რად მინდა ჯაჭვის გაგლეჯა თუ მის იქით უფსკრულს შევეჩეხე!!!!!! მოდი ხალხო 21-ე საუკუნეში მაინც მოვახდინოთ დიდი ძვრა რათა მცდელობამ საკუთარი თავის რეალიზებისა ფუჭად არ ჩაიაროს და მხოლოდ ცდად არ დარჩეს.P.S მე ჯერ ცამეტი წლის ვარ და ხშირად მიწევს დაბრმავებულ ქალებთან ურთიერთობა. მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ხო ცოდნაა, შინაგანი უინტელექტობა, გათვიცნობიერება იმაში რომ მე არ ვარ სუსტი სქესის წარმომადგენელი მე ვარ ძლიერი ადამიანი. არ ვაპირებ ამ სიბნელეში ჩაკვდომას რაღაც უნდა შეიცვალოს და ამ რაგაცას ჩვენ შევცვლით რადგანაც ჩვენ ფემინისტები ვართ. <<>>

      • 13 წლისთვის გასაკვირად ზრდასრულად აზროვნებ მომწონს 🙂 შენ ფემინისტი არ ხარ შენ პიროვნება ხარ, რასაც უმეტესობას ვერ დააბრალებ

  10. ძალიან კარგი პოსტია. გეთანხმებით ყველაფერში. ქალის და მამაკაცის თანასწორობა ნიშნავს, არა რომელიმე სქესის წახალისებას, არამედ მათთვის თანაბარი შანსების მიცემას. ნებისმიერ თანამდებობაზე (სადაც სქესს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე) უნდა ხდებოდეს ადამიანთა მხოლოდ ცოდნისა და კომპეტენციის მიხედვით მიღება. სამწუხაროდ, რეალურად ბევრი ძალიან კომპეტენტური ქალი იჩაგრება იმის გამო, რომ მის ადგილს იკავებს მასზე ნაკლებად კომპეტენტური მამაკაცი, მხოლოდ იმიტომ რომ ის მამაკაცია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკოლასა და უნივერსიტეტში ფრიადოსან გოგონათა რიცხვი ფრიადოსან ბიჭთა რაოდენობაზე ბევრად დიდია, გასაკვირია, თუ რატომ არ უკავიათ ქალბატონებს მაღალი თანამდებობების მინ. 50 პროცენტი… ამ დისბალანსს განაპირობებს არა მხოლოდ ის, რომ ქალები ზარმაცები არიან და არ უნდათ კარიერაზე ფიქრი, არამედ ის, რომ საზოგადოება და ოჯახი ხშირ შემთხვევაში ქალზე ახდენს ზეწოლას და მას არ აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას.

    პ.ს. ქალბატონისთვის ადგილის დათმობა, ჩემოდნის წაღებაში მიხმარება და ასე შემდეგ, ეს ელემენტარული ზრდილობის ფორმებია, რაც არ უნდა დაიკარგოს იმის გამო, რომ ქალებს და მამაკაცებს კარიერის კეთების თანაბარი შანსები ეძლევათ. ფემინისტობა არ გულისხმობს იმას, რომ ქალი კაცივით უნდა მოიქცეს. უბრალოდ, მას, როგორც ადამიანს უნდა მიეცეს პიროვნული და პროფესიული განვითარების საშუალება და იმის გამო, რომ იგი დედაა და მეუღლე, არ უნდა დაიჩაგროს.

  11. შესწორება მინდა შევიტანო ჩემს კომენტარში: ”ამ დისბალანსს განაპირობებს არა ის, რომ ქალები ზარმაცები არიან და არ უნდათ კარიერაზე ფიქრი, არამედ ის, რომ საზოგადოება და ოჯახი ხშირ შემთხვევაში ქალზე ახდენს ზეწოლას და მას არ აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას.”

  12. კარგი იყო. დაე, გავმრავლდეთ ფემინისტები! ❤ და დიახ, არასწორი წარმოდგენები და "გაუნათლებლობა" ბადებს არასწორ წარმოდგენებს. ან უბრალოდ ელემენტარული დაგუგვლა ))) შეგიძლია, რომ სწორად გაიგო რა რა არის, ვინ ვინ არის, რისთვის, რატომ ხდება. განსაკუთრებით ფემინისტების საჭიროებას ეხლა და ეხლა ვხვდები თსუ-ს გენდერის კვლევის ფაკულტეტზე. ხალხო, მინდა რომ იცოდეთ ყველაფერი ის, რასაც ამ სწავლებისას იგებ, რეალური ქალთა ისტორიები, რეალური ქალთა გამოცდილება, ყველაფერი რაც მიჩქმალულია. რომ იცოდეთ, ფემინისტებს საქართველოში რამდენი რამ აქვთ გაკეთებული შოკს მიიღებდით, ყბები ჩამოგივარდებოდათ ამ მასკულინების ქვეყანაში როგორ ახერხებდნენ ქალები, უჭკვიანესი, უგაბედულესი ქალები გადარჩენას ურთულეს სიტუაციებში. შეგვრცხვებოდა იმ ადამიანების ციტირების, რომლებიც პირველი მიზოგენები იყვნენ. ) რა ირონიულია ეს ყველაფერი ) მე მინდა რომ ასეთი ქალები ეამაყებოდეს ისტორიას და არა მარტო 15 შვილიანი დედები. როგორ მინდა რომ ყველამ იცოდეთ რეალობა ❤ კი, ქალები პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლებაში, ყველა სფეროში. გონი სქესს არ ცნობს.

Leave a reply to orange კომენტარის გაუქმება