ინგსოციდან სოც.პოლამდე

გუშინ, 18 მაისს უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. არჩევნები ალბათ უფრო პირობითად ითქმის. არჩევნები მესმის, როგორც საშუალება, გააკეთო არჩევანი რამდენიმე მხარეს, იდეებს და მოსაზრებებს შორის. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გარდა, არჩევანის თავისუფლება არცერთ სხვა ფაკულტეტს ჰქონია, თუ ზუსტების პირველ და მეორე კურსს არ ჩავთვლით.

ნარინჯისფერი სტუდენტები ვართ ის ადამიანები, რომლებსაც უპირველესაც გვსურდა, ჩვენი მეგობრებისთვის, კურსელებისთვის მიგვეცა არჩევანის თავისუფლება და არ გვეგრძნო თავი იმ ეპოქაში, ჩვენს მშობლებს რომ მოუწიათ ახალგაზრდობის გატარება. ვფიქრობ ნაწილობრივ თავი გავართვით ამ ამოცანას. Continue reading

მე, კანდიდატი

დილით ცესკოდან შემოსულმა შეტყობინებამ გამაღვიძა: ”თქვენს განცხადებაში აღმოჩენილია ხარვეზი.” თუმცა ორიოდე წუთში იმავე ნომრიდან შემოსული მესიჯი მატყობინებს, რომ სმს შეცდომით გამოიგზავნა ჩემთან. ორივე შეტყობინება გაიგზავნა თითქმის ყველა დამოუკიდებელ კანდიდატთან. დილითვე, გადავამოწმე უნივერსიტეტის საიტზე და ცესკოს მიღებული გადაწყვეტილებით დავრეგისტრირდი დამოუკიდებელ კანდიდატად სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე. 

აღარ მოვყვები იმაზე საუბარს, თუ რა პრობლემები შეიქმნა ხელმოწერების შეგროვებისას. როცა 105 კაციან სიაში ერთი ციფრის გამოც კი მეორედ ან მესამედ მოგვიხდა ხელმოწერების შეგროვება. აქვე ნარინჯისფერი კანდიდატების სახელით მადლობას ვუხდი ყველა მეორეკურსელ ‘სოცს’, რომელმაც არ დაიზარა და წარმოუდგენლად მოკლე დროში მოგვაგროვებინა დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმოწერები. 

პარასკევს გაიმართა ჩვენი შეხვედრა ფაკულტეტის სტუდენტებთან, რომელზეც წარმოვადგინეთ სამოქმედო პროგრამა, ჩვენი ხედვები უნივერსიტეტის მომავალთან დაკავშირებით. აღვნიშნეთ ის პრობლემები, რომლებიც გვაწუხებს სტუდენტებს და იმაზეც ვისაუბრეთ, რამ გადაგვაწყვეტინა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. შეხვედრაზეც აღვნიშნე და აქაც გავმეორდები, არჩევნები არ არის ჩემი მიზანი, ესაა საშუალება , რათა განვახორციელოთ ის ამოცანები და მიზნები, რომებიც დავისახეთ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემ მიერ ხშირად ნათქვამ ”უკეთეს უნივერსიტეტს” კვლავაც გავიმეორებ. მე და ჩემ მეგობრებს გვინდა ვსწავლობდეთ ევროპული დონის უნივერსიტეტში და არა კოლეჯში, რომელიც უბრალო მოხელეებს უშვებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა გახდეს სამჭედლო თავისუფალი ადამიანების, თუმცა ვაწყდებით სიტუაციას, როცა თავისუფალ აზრს სწორედ უნივერსიტეტში უსწორდებიან, დღისით, მზისით, ჩვენ თვალწინ და ჩვენ ამაზე რეაქცია არ გვაქვს. 

შაბათს, სადისკუსიო კლუბ სოციუმ.ჯი-ში უნდა გამართულიყო დებატები საარჩევნო სუბიექტებს შორის. ნახევარი საათი უშედეგოდ ველოდეთ ოპონენტებს. ამიტომაც ისევ საკუთარი პროგრამის განხილვა მოგვიხდა, დაისვა საინტერესო კითხვები, რომლებზედაც ამომწურავი პასუხების გაცემა ვცადეთ. 

გუშინ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღმოვაჩინეთ, რომ ოპონენტებმა ჩვენი პროგრამა დააკოპირეს და საკუთარ პროგრამად ასაღებენ. 

შაბათსვე, ლევან ლორთქიფანიძემ, ასლან ართმელაძემ და ვაჟა ქორიძემ მესამედ დაიწყეს ხელმოწერათა შეგროვება დასარეგისტრირებლად. ასევე პირველკურსელებმა- გაგა გვენეტაძემ და მარიამ ნადირაშვილმა.

მჯერა, რომ შეუძლებელია აშენდეს თავისუფალი, ლიბერალ-დემოკრატიული ქვეყანა, საზოგადოება თავისუფალი ადამიანების გარეშე. თავისუფალი ადამიანები კი პირველ რიგში უნივერსიტეტის რიგებიდან უნდა მოდიოდნენ. უნივერსიტეტი გახსნილი უნდა იყოს განსხვავებულობისათვის, პლურალიზმისთვის, საღი აზრისთვის. სტუდენტები უნდა ვიდგეთ სამოქალაქო საზოგადოების ავანგარდში, თუმცა დღეს არათუ სამოქალაქო, არამედ საუნივერსიტეტო საზოგადოებაშიც კი ჩვენ მეორეხარისხოვან წევრებად ვგრძნობთ თავს.

ჩვენი მიზანი თანდათანობითი ცვლილებებია. ცვლილებები, რომლებიც იქნება გააზრებული . არც მე და არც სხვა ნარინჯისფერი კანდიდატები არ ვემხრობით რადიკალიზაციას, რაც ვფიქრობთ დამღუპველია უნივერსიტეტისათვის. 

მიმაჩნია, რომ გაუცხოება , რომელიც არსებობს სტუდენტებსა და თვითმმართველობას შორის უნდა აღმოიფხვრას, რისთვისაც საჭიროა ნაბიჯები ორივე მხრიდან. თანამშრომლობის გარეშე კი საფუძველი გამოეცლება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღება ამ სტრუქტურის ფარგლებში.

ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკვე დავიწყეთ. მეორე კურსზე , მიუხედავად რამდენიმე ”შემთხვევით შეშლილი პირადი ნომერისა”, მეგობრული ატმოსფეროა კანდიდატებს შორის, რაც ვფიქრობ მისასალმებელია.

მიუხედავად ცილისწამებებისა, დაბეჯითებით და ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტუდენტური ძალის წევრი და ჩვენი ყველა ნაბიჯი ეფუძნება უნივერსიტეტის ინტერესებს, მის უკეთეს ხვალინდელ დღეს. თავისუფლება არის ჩემი და ჩემი მეგობრების ყველაზე დიდი უპირატესობა!

მე ვოცნებობ და ვიბრძოლებ , რათა ვსწავლობდე ევროპული დონის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ორი წლის შემდეგ , როდესაც უნივერსიტეტს დავამთავრებ, შემეძლოს ვთქვა, რომ მცირედი, თუმცა მაინც გავაკეთე , რათა ჩემ შემდგომ თაობას უკეთეს საუნივერსიტეტო სივრცეში ესწავლა. 

მე არ მინდა ვსწავლობდე რეტროგრადულ, ”დროის შესაფერ სამამაცო ზნეს” მოკლებულ უნივერსიტეტში. მინდა ჩემი უნივერსიტეტი ტრადიციებზე დაყრდნობით ისწრაფოდეს სიახლისკენ, ინოვაციისკენ და ჩვენც, უნივერსიტეტის დიდ დამფუძნებელთა მსგავსად ვიყოთ იმ ეპოქის თანამედროვენი, რომელშიც ვცხოვრობთ.

არასდროს მიყვარდა დაპირებები, თუმცა ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, არჩევნებით არაფერი მთავრდება. არჩევნები მხოლოდ დაასწყისია სტუდენტების გამოფხიზლებისა. ჩვენ ნელ–ნელა, თანდათანობით ვაქცევთ უნივერსიტეტს დემოკრატიული, პლურალისტური და ლიბერალური საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრად!

ო.კობახიძე

ერთი წინასაარჩევნო დღე თსუ-ში.

დღეს ალბათ ჩვეულებრივი დღე იქნებოდა, რომ არა რამდენიმე შემთხვევა, რაც მეოთხე და მეექვსე აკადემიურ კორპუსებში შუადღის სამის ნახევრისთვის მოხდა.

პროტოსოციოლოგიის ლექციიდან გამოსული ერთ-ერთ ჟურნალისტ კურსელსუნდა შევხვედროდი და ინტერვიუ მიმეცა არჩევნებთან დაკავშირებით. მეექვსე კორპუსის 104 აუდიტორიაში ინტერვიუს ვაძლევდი, როცა მეგობრის რამდენიმე ზარი შემოვიდა ტელეფონზე. ნინო ისტერიული ხმით ყვირის, რომ ჩვენ პლაკატებს ხევენ.

მოკლედ, ნარინჯისფერთა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს უნივერსიტეტში განთავსებულ სტენდებზე ჩვეულებრივი A4 ფორმატზე აბობეჭდილი საინფორმაციო ფურცლები გაეკრათ, რომელზეც ეწერა დრო და თარიღი სტუდენტებთან ჩვენი შეხვედრისა. თაბახები მეექვსე კორპუსის ყველა სართულზე გამოაკრეს, თუმცა სანამ მეოთხეზე ავიდოდნენ, პირველზე გაკრული ფურცლები უკლებლივ ჩამოხეული იყო და ადგილზე მხოლოდ ჭიკარტები იყო დარჩენილი.

ჩამოსახევად მორიგ შემოვლაზე მყოფთ არ გაუმართლათ, როცა მე და რამდენიმე მეგობარი შემთხვევით კორიდორში აღმოვჩნდით. თუმცა ქვემოთ ფოტოებზეც ნახავთ, რომ ნარინჯისფერი ფურცლების ჩამოგლეჯის მოსურნეები კვლავაც ემატებოდნენ მეექვსე კორპუსს.

მოგვიანებით პლაკატების ჩამომხეველ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლებიც მიემატნენ, რომელთაც ”ზემოდან” უბრძანეს, რომ ნარინჯისფერი პლაკატები არ უნდა გააჩერონ სტენდებზე. ამის მიზეზად კი დაგვისახელეს, რომ საჭირო იყო ნებართვა ადმინისტრაციისა.

პლაკატების გაკვრა, შეთანხმებული იყო სოც.პოლის დეკანთან, ბ-ნ ნოდარ ბელქანიასთან. ამდენად  იმის თქმა, რომ ჩვენ ადმინისტრაციასთან შეუთახმებლად რამე გავაკარით სრული სიცრუეა. თუმცა კვლავაც შევხვდით ბ-ნ დეკანს და მან კვლავ დაგვიდასტურა, რომ გვქონდა ნებართვა ნარინჯისფერი ფურცლების სტენდებზე გაკვრისა.

დაცვის თანამშრომლებთან კამათი ათიოდე წუთს გაგრძელდა. ზოგადად თსუ-ს დაცვის თანამშრომელთა ”სიკარგკაცის” ამბავი არავის გვაკვირვებს და გულწრფელად გვესმის მათი, რომლებსაც ”ზემოდან” ბრძანებისთვის ანგარიშის გაწევა უხდებათ.

მორიგი ბრალდება, რომ კანდიდატად დაურეგისტრირებელ სტუდენტებს პლაკატის გაკვრის უფლება არ აქვთ, უსამართლოა, რადგან ცისფერი პლაკატებით 2 კვირაზე მეტია უნივერსიტეტის ყველა კორპუსის სტენდი და კარებია აჭრელებული. იმის თქმაც, რომ სტენდები თვითმმართველობას ეკუთვნის, ასევე სიცრუეა, რადგან მათზე ნათლადაა მითითებული : ” სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი”.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა მეოთხე აკადემიურ კორპუსშიც, სადაც დაცვის წევრებმა კანდიდატებად დაურეგისტრირებლობის ბრალდებით ნარინჯისფერი ფურცლები ჩამოხია, ხოლო ცისფერი პლაკატებისთვის ხელიც არ უხლიათ.

ვდგავართ რეალობის წინაშე, რომ წინასაარჩევნოდ ნებისმიერი კუთხიდან ხორციელდება ჩვენი შევიწროება და არ ხდება მხარეთა თანაბარ პირობებში ჩაყენება. ამ ორი წლის მანძილზე, მე უკვე მერამდენედ კიდევ, ერთხელ ვრწმუნდები, რომ უნივერსიტეტში სტუდენტები არათანაბარ პირობებში ვდგავართ.

შედეგად ვასკვნით, რომ ”ყველა სტუდენტი თანასწორია, თუმცა ზოგი სტუდენტი უფრო თანასწორია”.

არ გვინდა უნივერსიტეტი დაემსგავსოს ”ცხოველების ფერმას”, არ გვინდა ნარინჯისფერობა გახდეს მიზეზი დევნისა და შევიწროებისა. გამოვთქვამ იმედს და მოვუწოდებ ყველა ოპონენტსა და მეგობარს, ნუ უშლით ხელს სამართლიან არჩევნებთან მიახლოებული არჩვენების ჩატარებას.

დასასრულ ოპონენტთა და დაცვის თანამშრომელთა გმირობის ამბების ამსახველ ფოტოებს შემოგთავაზებთ.

დაცვა ამტკიცებს, რომ მათ არ ევალებათ პლაკატების ყურება

დამოუკიდებელ კანდიდატთა მიმართვა- ალტერნატიული ხედვა

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ,  დამოუკიდებელი კანდიდატების სტატუსით მონაწილეობა მივიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას და  საკუთარ მოქმედებებს ვაფუძნებთ მხოლოდ  საუნივერსიტეტო ინტერესებზე.

თანამედროვე უნივერსიტეტი  წლების განმავლობაში გადაულახავი  უამრავი პრობლემის წინაშე დგას. უმძიმეს მდგომარეობაშია სასწავლო შენობათა უმრავლესობა; სტუდენტები და ლექტორები არ არიან უზრუნველყოფილნი ელემენტარული პირობებით, რათა მათ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა აწარმოონ, თეორიასთან ერთად განავითარონ თავიანთი პრაქტიკული შესაძლებლობები; სათანადო მხარდაჭერა არ აქვს სახელმწიფო ენაზე აქტუალური სამეცნიერო ლიტერატურის შექმნასა თუ თარგმნას; უკიდურესად ცენტრალიზებულია მმართველობითი სისტემები, ერთპიროვნულად ან ნაკლები თანამონაწილეობით, განსხვავებული აზრის გაუთვალისწინებლობით მიღებული გადაწყვეტილებები რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენი ინტერესების დაცვისა და წარმოდგენის აუცილებლობის საკითხს; ყველა საუნივერსიტეტო მიმართულებით მთავარ მოთამაშედაა ქცეული შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე მაღალი რანგის ბიუროკრატია, სტუდენტები საუნივერსიტეტო საზოგადოების მეორეხარისხოვან წევრებად ვგრძნობთ თავს.

უნივერსიტეტის გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ:

  • ყოველი სტუდენტის გააქტიურებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სტუდენტებსა და თვითმმართველობას შორის არსებული გაუცხოების აღმოფხვრას.
  • თვითმმართველობის საბიუჯეტო და ადმინისტრაციულ დეცენტრალიზაციას.
  • თვითმმართველობის არაბიუროკრატიულ, გამჭვირვალე სტრუქტურად გარდაქმნას.
  • სტუდენტებთან ინტენსიურ ურთიერთობასა და მათი  პრობლემების აღმოსაფხვრელად მხარდამჭერი (ლობისტური) კამპანიების წარმოებას ( ადმინისტრაციასთან და სხვა სტრუქტურებთან  სტუდენტური პრობლემების დღის წესრიგში აქტიურად დაყენება და მათ გადასაჭრელად სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება).
  • საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას.
  • საუნივერსიტეტო განათლების სრულყოფის მიზნით სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქამიანობის მხარდაჭერას.
  • მთარგმნელობითი მუშაობის წახალისებას.
  • ელექტრონული ბაზების გაუმჯობესების, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის მოთხოვნას.

ჩვენ ვესწრაფვით უნივერსიტეტში  თავისუფალი, არაძალადობრივი და სამართლიანი  ურთიერთობების დამყარებას, პლურალიზმსა და  გამჭვირვალობას. უნივერსიტეტის დამფუძვნებელთა მსგავსად, უმაღლეს სასწავლებელს ჩვენ მოვიაზრებთ  განათლებისა და მეცნიერების ერთობლივ კერად.

ერთად დავიბრუნოთ უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტი სტუდენტებსა და ლექტორებს!

ართმელაძე ასლან (II კურსი)

ბაქაქური თორნიკე (I კურსი)

გვენეტაძე გაგა (I კურსი)

კობახიძე ოთარ (II კურსი)

ლორთქიფანიძე ლევან (II კურსი)

სირბილაძე ჟანა (III კურსი)

ჩარგეიშვილი თორნიკე (III კურსი)

ღია წერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

18 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. წინა წლებისაგან განსხვავებით, ‘’ერთიან სტუდენტურ მოძრაობას’’ თავისუფალი კანდიდატების სახით სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკმაოდ სერიოზული ძალა დაუპირისპირდება.
თავისუფალ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ფაკულტეტზე და ზოგადად უნივერსიტეტში არსებულმა სიტუაციამ გადაგვაწყვეტინა. მესამე მოწვევის, ანუ ამჟამინდელი თვითმმართველობა რეალურად არა სტუდენტებზე, არამედ გართობაზე ორიენტირებულ ორგანოდ გადაიქცა, რომლის მიზანსაც სტუდენტების ყურადღების რეალური პრობლემებიდან სხვა ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე გადატანა წარმოადგენს. დელეგატების 110 ადგილიდან 109-ს ერთი რომელიმე ჯგუფის მიერ მისაკუთრება ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა უნივერსიტეტში მონოლითური აზროვნების ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც გასულ წელს სიყვარულის დღეზე ამტყდარი ცემა-ტყეპა , ხოლო ორიოდ თვის წინ, სტუდენტური ბლოგის ავტორებზე განხორციელებული ძალადობა მივიღეთ. უდიდესმა სურვილმა და უნივერსიტეტის ინტერესებმა დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობაზე დაგვაფიქრა. თვით სოციალურ-პოლიტკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არავინ იყრიდა კენჭს, რომელიც თვითმმართველ ორგანოში ჩვენი, სტუდენტთა დიდი ნაწილის ინტერესების გამტარებელი იქნებოდა, ანუ მივიღებდით ახალ, დაუმარცხებლობის სინდრომით შეპყრობილ თვითმმართველობას, რომელიც საშინელებად გადააქცევდა საუნივერსიტეტო ცხოვრებას სტუდენტთა თავისუფლად მოაზროვნე ნაწილისათვის.
ორი დღეც არ გასულა ბლანკების გამოსატანად, რათა კანდიდატებად დასარეგისტრირებლად საჭირო ხმები მოგვეგროვებინა, რომ თვითმმართველობის წევრთა მხრიდან ადგილი აქვს ცილისწამებას და ტყუილის გავრცელებას დამოუკიდებელ კანდიდატთა მიმართ. მარტის ცემა-ტყეპით კარგად ცნობილ მესამე კორპუსში ‘’ერთიანი სტუდენტური მოძრაობის’’ მხარდამჭერები ავრცელებენ ხმებს, თითქოს დამოუკიდებელი კანდიდატები წარმოვადგენდეთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელ ჯგუფს. ჯერ იყოდა დამოუკდიებელ კანდიდატ , ლევან ლორთქიფანიძეს სომეხთა გენოციდზე გაკეთებული კომენტარის გამო, სამარცხვინოდ ‘’აბრალებენ’’ სომხობას. სამარცხვინო იმიტომ, რომ მათი ეს ცილისწამება აშკარად ქსენოფობიური ხასიათისაა. მეორეც, ხმის გავრცელება, რომ ჩვენ , დამოუკიდებელ კანდიდატთა ჯგუფი ვღებულობთ დაფინანსებას გასოლოლაკელებული მილიარდერისგან, წარმოადგენს აბსოლუტურ სიცრუესა და ცილისწამებას.
თავდასხმები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ინტერნეტშიც მომრავლდა. ჯერ იყო, ილია ბაბუხადიას ფბ ანგარიში გატეხეს, ხოლო ორიოდე დღის წინ ბექა გაბადაძის ანგარიშშიც შეაღწიეს, რის შემდეგაც უადმინოდ დატოვეს ფაკულტეტის ფბ ჯგუფი, ხოლო იქ მყოფ თავისუფალ კანდიდატებს ‘’ბანი’’ დაადეს.
ხაზს ვუსვამთ, რომ დამოუკიდებელ კანდიდატთა ჯგუფი არის აპარტიული საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანსაც უნივერსიტეტში არსებული მძიმე სიტუაციის შეცვლა და უნივერსიტეტის უკეთესი მომავალი წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს თანამედროვე , პროგრესული ხედვა უნივერსიტეტის განვითარების, მის ძლიერ საგანმანათლებლო კერად გადაქცევის თაობაზე, რისთვისაც თავისუფალ სტუდენტთა გაერთიანებაა აუცილებელი.
თვითმმართველობის თათბირები, სადაც ყოველ საღამოს განიხილავენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავისუფალ კანდიდატთა წინააღმდეგ ბრძოლის გზებს, აშკარად კვებავს იმ ცილისწამებას , რაც ზემოთ ვახსენეთ.
დამოუკიდებელ კანდიდატთა ჯგუფი ვიმედოვნებთ, რომ მმართველი მოძრაობის წევრები არ მიმართავენ ბინძურ ხერხებს არჩევნებში გასამარჯვებლად და არ შეუშინდებიან თავისუფალ დამოუკიდებელ კანდიდატებთან სამართლიან ბრძოლაში ჩაბმას.
ერთ-ერთი თვითმმართველის სიტყვები: ‘’რა მნიშვნელობა აქვს მიშა დაგაფინანსებს თუ ბიძინა?’’ , თავისუფალი კანდიდატები ვპასუხობთ, რომ მსგავსი საკითხები თქვენთვისაა უმნიშვნელო. ჩვენთვის, უმნიშვნელოვანესია წარმოვადგენდეთ სტუდენტთა თავისუფლად და საღად მოაზროვნე ნაწილს, რომელიც არის ზეპოლიტიკური, აპარტიული და მოწოდებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირსებისა და სტუდენტთა უფლებების დაცვისაკენ.

ოთო კობახიძე

დამოუკიდებელი კანდიდატი, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

მომავალი კანონპროექტი ”ცოლ-ქმრულ ურთიერთობათა შესახებ” .

დღევანდელი ქადაგების შემდეგ, რომელშიც პატრიარქმა ცხადად და დამაჯერებლად ისაუბრა ქალის მიერ მამაკაცისთვის მორჩილების აუცილებლობებზე, საქართველოს პარლამენტში სამშობლოს ბედზე და ბედკრული ივერიის ქრისტეს ეკლესიაზე დადარდიანებული გ.თ.-ის პარტია ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, ”კანონი ცოლ-ქმრული ურთიერთობების შესახებ.” კანონში აღნიშნულია, რომ:

მუხლი 1:

ცოლის მიერ ქმრის პატივისცემა Continue reading

”ჰომოსექსუალობის პროპაგანდა”, ქართული ტელევიზიები და ახმაურებული პირწიგნაკი…

2 დღეა ჰომოსექსუალობაზე ლაპარაკი ფეისბუკში განსაკუთრებულ მოდად იქცა. ლაპარაკობს ვისაც არ ეზარება, დიდი, პატარა, ქალი , კაცი, ჰომოფობი თუ ჰომოსექსუალი,მოკლედ ყველა, ვისაც გაუხარდება. შალვა რამიშვილის პოსტმა უცებ მეც შეცდომაში შემიყვანა, თუმცა თავიდანვე ამ პოსტზე მეტად იმ ადამიანების რეაქცია იყო საინტერესო, რომლებიც პასუხს სცემდნენ შალვას კითხვას. დღესაც, როცა რამდენიმე ბლოგს გავეცანი ამ თემაზე, ერის ზნეობაზე მოფიქრალნი , ჰუმანურობაზე რომ თავს დებენ, ამბობენ, დასჯა არა, მაგრამ ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” არ უნდა ხდებოდესო.

ვფიქრობ ახალს ვერაფერს ვიტყვი, არც იმაზე უფრო კომპეტენტურს, რაც უკვე უთქვამთ, მაგრამ მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ვითომ ჰუმანურ, სინამდვილეში ჰომოფობთა მასას.

მიმაჩნია და ამას დაკვირვებული თვალიც ადვილად შეატყობს, ქართულ ტელესივრცეში და ბეჭდური გამოცემების საგრძნობ ნაწილში, არათუ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა, არამედ ჰომოფობიის და სიძულვილის ენის გავრცელება ხდება. Continue reading