მომავლის საშობაო ეპისტოლე

 

ამ იდუმალებით მოცულ ღამეს ჩვენ მივყვებით ბეთლემისაკენ მიმავალ ვარსკვლავს და აღვივსებით სიხარულით. ბეთლებში იშვა ყრმა იგი, იმანუელი. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.’’ დღეს სიხარულის დღეა, კაცთა შორის ყველაზე სათნო ადამიანი 2032 წლის წინათ მოევლინა ქვეყნიერებას. ამ დღეს აღსრულდა ის, რასაც მრავალი საუკუნე ელოდნენ წინასწარმეტყველნი თუ ადამის მოდგმის შვილები.

დედამიწაზე განკაცდა უფალი, მან გვიბოძა სიყვარული და თავისი მოთმინებით დაგვანახა სულიერების, ადამიანურობის ახალი საფეხურები. ‘’ღმერთო შეუნდე არ იციან ამათ რას იქმან’’ – მაცხოვრის სიტყვებია, რომლითაც იგი მიმართავდა უფალს. იესო ლოცულობდა მათთვის, რომლებმაც ჯვარს გააკრეს იგი. სწორედ ესაა სულიერების საფეხური, როდესაც შეურაცხყოფის მოყენების დროსაც ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ სხვებისათვის. ხშირად, ვინც გამოთქვამს საწინააღმდეგო აზრს, ჩვენ მოსმენის ნაცვლად შეურაცხყოფით ვუმასპინძლდებით. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მათ პასუხს არ ვცემთ, გულში მათზე ცუდი აზრები გვიპყრობს, ჩვენ შიგნიდან ვმრისხანებთ. სხვის განკითხვას მრისხანება მოსდევს. ამიტომაცაა, უნდა ვეცადოთ, თავი ავარიდოთ განკითხვას სხვათა.

სამწუხაროდ, ჩვენს ერში ხშირად ვართ ერთი-მეორეზე განრისხებულნი. ამ დროს ყველაზე მეტად გვავიწყდება ‘’გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი.’’ ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანს ღრმად სწამს, რომ ‘’ვისაც უყვარს მოყვასი, მანდ აღასრულა სჯული. (რომ. 13:8). შეუძლებელია გიყვარდეს უფალი, თუ არ გიყვარს მოყვასი, მეორე ადამიანი. მართლაც, როგორ იქნებოდა შესაძლებელი, გვყვარებოდა უფალი, რომელიც არასდროს გვინახავს, თუ არ გვეყვარებოდა ადამიანი, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს, რომელიც უფალმა შექმნა ‘’ხატად და მსგავსად თვისა?’’

წლევანდელი შობის დღესასწაული განსაკუთრებულია. რამდენიმე დღეში, ჩვენ არამხოლოდ ახალ წელს, არამედ ევროპულ ოჯახში შესვლასაც ვიზეიმებთ. ეს ჩვენი წინაპრების მიერ განვლილი მრავალსაუკუნოვანი გზის ლოგიკური დაგვირგვინებაა. ევროკავშირის წევრობა ახალ პერსპექტივებს უჩენს ჩვენს ხალხს. ის უამრავი სიძნელე, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ გზაზე სიარულისას გადაგვხდა თავს, ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. ჩვენ ვდგავართ ისტორიული მომენტის წინაშე, ჩვენ ვასრულებთ პოსტ-საბჭოთა საქართველოს ეპოქას.

 

ჩვენს ქვეყანას უხდება არაერთი გამოწვევის გადალახვა. მიუხედავად, გასულ წლებში მიღწეული წინსვლისა, კვლავაც საგანგაშოა ის პირობები, რომლებშიც ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს უწევს ცხოვრება. ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს გაჭირვებულთა თანადგომას. მასწავლებლები, მეშახტეები, მაღაროელები, მეხანძრეები თუ სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლები იმსახურებენ შრომის ბევრად უკეთეს პირობებს. დაუშვებელია თავი მივცეთ კმაყოფილებას, მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო საჭიროებს გაღრმავებას.

ამასთან, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდების მიმართულებით. ცხადზე უცხადესია, რომ ქვეყნის წინსვლის უმთავრესი გზა სწორედ განათლებასა და მეცნიერებაზე გადის. სასურველია, ხელი შევუწყოთ მომავალ თაობას, მივცეთ მეტი შანსი მიიღონ განათლება დასავლურ უნივერსიტეტეში, გაეცნონ და დაუახლოვდნენ ახალ კულტურებს. ამის ტრადიცია ჩვენს ერს დიდი ხანია აქვს. სომეხი ისტორიკოსის სიტყვებით, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა გაგზავნა 40 ახალგაზრდა ბიზანტიაში სასსწავლებლად. განსხვავებულ კულტურათა გაცნობის გარეშე შეუძლებელია შეიცნო საკუთარი. ჩვენს შვილებს უნდა მიეცეთ საკუთარი კულტურის სხვა კულტურებთან შედარების საშუალება.

განსხვავებულის შიში პატარა გონებაზე მიუთითებს. ჩვენი ერი ყოველთვის გახსნილი იყო სხვა ხალხებისადმი, ჩვენს გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობდნენ მოძმე ხალხები, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ ქართველთა დახმარების იმედი. თბილისი თავისი არსებობის პირველი წლებიდანვე იყო მრავალი კულტურის შეხვედრის ადგილი და დღესაც, იგი რჩება ყველაზე მრავალფეროვან ქალაქად ამიერკავკასიაში. ჩვენი ერის მამა, ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა საუკუნენახევრის წინათ, ‘’. ,,სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს, ქართველმა,თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარ-ცმულმა, იცის პატივისხვისი სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არა არისმაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვითმაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერსვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვისდევნილნი და დაჩაგრულნი – აქ, ჩვენში ჰპოულობდნენმშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა… .’’ მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურას არ აშინებს სიახლე. ორ ათეულ საუკუნეს გამოვლილ ხალხსა და კულტურას შეუძლებელია განსხვავებულთან კონტაქტი აფრთხობდეს. სწორედ გახსნილობამ და გარემოსთან ადაპტაციის საოცარმა უნარმა გადაარჩინა იგი.

ქართველ ერს ყოველთვის ეამაყებოდა სტუმართმოყვარეობა, შემწყნარებლობა, ჩვენ კვლავაც მტკიცედ უნდა ვიაროთ ჩვენი წინაპრების გზებით. ქართველებს საამაყო გვაქვს ისიც, რომ ამ გზის ერთგულებას ჩვენთვის არ წაურთმევია სურვილი, გვეშენებინა ახალი და საკუთარი ხელით დაგვედო აგური ქვეყნის შენებისათვის. ისევ მოვიხმოთ დიდი ილიას სიტყვები, რომლითაც იგი ჩვენს სახელოვან მეფეს ახასიათებდა:

‘’ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა,არამედ თავის დიდბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავისეროვნებისა და მართმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნებისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგიყოვლადშემძლებელ მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვასარწმუნოების ერისა, ამასთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაციკაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა, ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვისიეროვნებისა, სხვისი სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არისმეთორმეტე საუკუნის კაცისაგან!’’

ქართველი ერის ჩამოყალიბების საქმეში ცნობილ თერგდალეულთა გვერდით იდგნენ ქართველი ქალები. მათი როლი და ღვაწლი ერის წინაშე ჯერ კიდევ არაა სათანადოდ შეფასებული და დაფასებული. წერა კითხვის გავრცელებას ფასდაუდებელი ამაგი დასდეს ეკატერინე გაბაშვილმა, ბარბარე ჯორჯაძემ, კატო მიქელაძემ, ბარბარე სულხანიშვილმა და სხვებმა. ჩვენი თითოეულის ვალია დავიწყებას არ მიეცეს მათი გარჯა სამშობლოს წინაშე. ჩვენ ნელ-ნელა ვაცნობიერებთ ამ ქალთა ფასდაუდებელ წვლილს ერში განათლების შეტანის საქმესა და მის პროგრესში.

ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის და ამ უფლებათა განხორციელების თანაბარ შესაძლებლობათა გარეშე შეუძლებელია პრეტენზია გვქონდეს ევროპული ოჯახის წევრობაზე. უფრო მეტიც, ეს არამხოლოდ ევროპულია, არამედ შესისხლხორცებულიცაა ქართულთან. ვაჟა-ფშაველა არამხოლოდ ბუნების ხმა ესმოდა, არამედ იგი კარგად იცნობდა ფემინიზმის იდეებს და თანაუგრძნობდა ქალთა ბრძოლას თანასწორუფლებიანობის მიღწევის გზაზე, რითაც ჩვენ, მისი შემოქმედების მემკვიდრე ერმა უნდა ვიამაყოთ. ქრისტე ამბობს, ‘’ არ არსებობს დედაკაცი და მამაკაცი ქრისტეში.. თქვენ ერთი ხართ..’’ ყველა ადამიანი თანასწორია როგორც უფლის, ასევე კანონის წინაშეც. უფლისთვის არ არსებობს იერარქია ადამიანთა შორის მათი რაიმე ჯგუფზე მიკუთვნებულობის გამო,  არც მამაკაცებაა, არც დედაკაცება, არამედ თქვენ ყველანი ერთნი ხართ (გალ. 3,28).

დღესაც, ქართველი ქალები უმნიშვნელოვანეს აგურს დებენ ქვეყნის მშენებლობის პროცესში. განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის ქალთა გააქტიურება პოლიტიკაში.  მე-13 მოწვევის პარლამენტს აქამდე არნახული რაოდენობის ქალი დეპუტატი ჰყავს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა მოწინავეა არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ეს გვაიმედებს, რომ კიდევ უფრო წამოიწევა სოციალური და ეკონომიკური საკითხები პარლამენტში.

ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ქრისტე უდიდესი სიყვარულია. დღეს ქრისტეშობის დღესასწაულია, ზეიმია სიყვარულისა. ქრისტემ ღირსგვყო ჩვენს შორის თავისი ცხოვრებით.

გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს!

ღმერთი იყოს თქვენი, ყოველი ადამიანისა და ჩვენი სამშობლოს მფარველი!

 

შობა ქრისტესი,

25 დეკემბერი, 2032 წელი,

თბილისი, საქართველო 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s