ქართველები იტალიაში

ნახევარი წელიწადია ბლოგს არ გავკარებივარ. წესით დღესაც არ ვაპირებდი რამის დაწერას. ხეირიანად ახლაც არ ვიცი, რის თქმას ვაპირებ. უბრალოდ, შევეცდები.

ორნახევარი თვეა საქართველოში აღარ ვცხოვრობ. ეს დრო არანაკლებ ნაყოფიერი იყო საკუთარი ქვეყნის შესაცნობად, ვიდრე მის საზღვრებში გატარებული 20 წელი. ამ ორ თვეში ბევრი რამ მოხდა. სააკაშვილის პრეზიდენტობა წარსულს ჩაბარდა, აწ უკვე ძველმა პრემიერმა თავისი ერთი ფავორიტი გააპრეზიდენტა, მეორე – გააპრემიერა და პირველი ლედიც დაგვინიშნა. ქართული მედია კვლავ არ ღალატობს თავის ”მაღალ” სტანდარტებს და მონდომებით განიხილავს მინისტრთა ცოლების საინაუგურაციო ჩაცმულობას. დიზაინერებმაც აღფრთოვანება გამოხატეს, მხიარული შავი სჭარბობდაო სევდიან შავს. ამასობაში პატრიარქსაც აღუვლენია მილენიუმის უმნიშვნელოვანესი ნათლობა – რუის-ურბნისელმა მეუფემ აფხაზთა, ქართვეთა, რანთა და კახთა შიშველი მეფე რამდენჯერმე ჩააყურყუმალავა ემბაზში. საქართველო პარადოქსების ქვეყანაა – ნორმალურ შემთხვევებში ბურჟუაზია მონარქის უმთავრესი დამამხობელი ძალა იყო – ჩვენთან გარაინდებული ბურჟუები ძალას არ იშურებენ მონარქიის აღსადგენად. 

დროებით ზეციური საქართველოდან უბრალო მოკვდავებზე დავეშვათ. გუშინ დედასთან ჩამოვედი იტალიაში. დედაჩემი თითქმის ექვსი წელია ემიგრანტია , რეჯო-ემილიაში ცხოვრობს და მუშაობს. სხვაგვარად, მასწავლებლის ხელფასით ცხოვრება საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია. დედის ნახვაზე სასიხარულო რა არის (მითუმეტეს, თუ ეს წელიწადში ერთხელ ხდება), მაგრამ მის მიერ მომზადებული ქართული კერძების დაგემოვნება არანაკლებ გახარებს.

დილით რეჯო ემილიის ცენტრისკენ გავედით. რეჯოს მთავარ მოედანზე იტალიურზე ხშირად ქართულს გაიგონებ. ცივა, თუმცა სკამებზე გემრიელად მოკალათებულ ქართველობას ეს მასლაათში ხელს არ უშლის. დედაჩემი რამდენიმე მათგანს მაცნობს კიდეც. დღეს მეტწილად ერთ ბაღდათელ ქალბატონზე ლაპარაკობენ. რამდენიმე წელია თურმე აქ მუშაობდა. ზაფხულს საქართველოში ყოფილა და იტალიაში ახლახან დაბრუნებულს სიმსივნე აღმოუჩინეს. ქართველებიც მის დასახმარებლად ფულს აგროვებენ, რომ მან როგორმე საქართველოში დაბრუნება მოახერხოს. 

რეჯოს ცენტრალურ ქუჩებში ფოტოების გადაღებისას ხშირად შემეჩეხა იმერულ, კახურ, თბილუსურ კილოზე მოსაუბრე ქართველობა. ვიღაც ორმა ველოთი ჩამიქროლა და ”მაგი სიმონ.. ” შემომესმა. 

მოსაღამოვდა, მე და დედამ ავტობუსისკენ გამოვწიეთ. რამდენიმე წუთში გაჩერებაზე 20-მდე ქართველი მოვთვალე. ერთი წრე ვინმე ”ნორაიეს ქმარზე” საუბრობდა, მეორე – იმ ავადმყოფ ქალბატონზე. დედაჩემის თანამოსაუბრესთან ვიღაც ნაცნობი მოვიდა – ეს ქალი იქვე საავადმყოფოში მიდიოდა. წამლის ზედმეტი დოზის მოხმარების გამო კახელი ბიჭი აქაურ საავადმყოფოში კრიტიკულ ვითარებაში წევს. მიმხედავი და ახლობელი არავინ ჰყოლია რეჯოში, ამიტომ ამ ქალმა მე ვაკითხავ, ვუვლი ხოლმე, მეცოდებაო. ვიცი, რომ გამოვა ისევ წამალზე შეჯდება , მაგრამ ჩემ სინდისთან უნდა ვიყო მართალი და ამ ჯერზე დავეხმაროო. 

როგორც იქნა, ავტობუსმაც მოაღწია. აქაურ ქართულ ”გმირობებზე” ლაპარაკი ისევ გრძელდება. წინა რიგებშიც 7 მგზავრიდან 3 ქართულად ლაპარაკობს. 

გასულ ზაფხულს პოლიციამ აქ რამდენიმე ქართველი ბიჭი დააკავა. დაბადების დღეზე მყოფ თანამეინახეებს არაყის ფული შემოკლებიათ და რომელიღაც კორპუსიდან ველოსიპედების გამოტანა გადაუწყვეტავთ. ერთ-ერთს პოლიციისთვის ხელიც დაურტყამს. ეგ კიდევ არაფერი, პოლიციას მათი ლაპარაკიც გაუშიფრავს, ”ეგ ძაღლი უნდა ჩამეძაღლებინაო, ჩვენებურს უთქვამს”. სასამართლომ 10 წელიწადზე მეტი შეუფარდათ. 

ზაფხულშივე, ერთი ქართველი ციხიდან გამოსულა. მესამე დღეს რეჯოს მოედანზე იპოვეს მკვდარი, მთლად სველი ჯიხურთან აყუდებული.  როგორც აღმოჩნდა, წამლისგან დაღუპულა. აქაურ ქართველებს თუ დაუჯერებთ, მის თანამეინახეებთან ერთად ბინაში მიუღია ნარკოტიკები, რა დროსაც გარდაცვლილა. მის მეგობრებს აბაზანაში, ცივ წყალშიც ჩაუწვენიათ, ეგებ რამე ეშველოსო. მერე კიდევ პოლიციასთან პრობლემები რომ არ შექმნოდათ, მოედანზე გამოუყვანიათ ხელგადახვეული გვამი, ვითომ მთვრალი იყო და იქვე, ჯიხურზე მიუყუდებიათ. 

ქართველებს ამ ქალაქში კარგად იცნობენ. უპირველესად, როგორც სუნამოების, ველოსიპედების თუ ტელეფონების მომპარავთ.

ავტობუსმა ჩვენს გაჩერებამდე მიაღწია. გზა გადმოვჭერით. იქვე გაჩერებაზე ოთხი ვიღაც იდგა. აღმოჩნდა, ოთხივენი ქართველი ქალები იყვნენ. 

Facebook-ზე მეგობრების გაზიარებულ სიახლეებს ვეცნობი. მოსმენის კულტურის არმქონე მომავალ პრემიერს ვუსმენ. მეეჭვება კამათის არმცოდნე ”უნაკლო” პრემიერმა ქვეყანას რამე სასიკეთო გაუკეთოს. 

ღამეა. საახალწლო განათება სამხიარულო განწყობას ქმნის. იტალიელები შობის დასახვედრად ემზადებიან. აქაური – ქართველებიც. სამშობლოდან 3000 კმ-ზე, მერაღაცამდენე ახალ წელს იტალიაში შეხვდებიან შვილებს მოშორებული ქართველი დედები .

 

 

 

 

 

 

Advertisements

2 thoughts on “ქართველები იტალიაში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s