პასუხგაუცემელი ”უკანასკნელი” წერილი ..

ბოლო თვეები ეინაუდის თუ არნალდსის მუსიკის ფონზე მიზოზინებს. შენმა უეცარმა გაქრობამ ამოუვსები სიცარიელე დამიტოვა და ძილის წინ , ტრადიციისამებრ შენს აჩრდილს ველაპარაკები. 

აწმყოში გადმოტანილი შენთან გატარებული წარსულით ვცოცხლობ. ისევ უიმედოდ ვითვლი დღეებს, მერე რა, რომ აწი აღარასდროს დაბრუნდები. უკვე იმაზე მეტი დღე გავიდა უშენოდ, ვიდრე – ერთად ყოფნის დღეები თუ ღამეები იყო. 

მიმძიმს შეყვარებულის დაკარგვა, მაგრამ უფრო მეტად ის მამძიმებს, რომ შენ, როგორც ადამიანი დაგკარგე. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი: სიმშვიდე, ბედნიერება, სიხარული, თავშესაფარი თუ ახდენის შემდეგაც სანატრელი ოცნება.. ჰო, კიდევ ის ერთადერთი იყავი, ვისთან ყოფნის დროსაც ჩაძინებას ვაყოვნებდი, რომ შენი სუნთქვისთვის მომესმინა. 

ყველაფერზე რაც გარშემოა, შენ მახსენდები. ეს სახლიც, შენთვის ასე საყვარელ ცივ ზამთარში რომ თბილ თავშესაფრად გვექცა, შენს თავს მახსენებს. შენ მახსენდები მაშინაც, ახალი წლის ღამეს ნაჩუქარ თოვლის ბაბუაზე თუ შოპენის ნოკტიურნებზე. 

სამი თვეა ჩემი ტვინის უჯრედებს არცერთი დღე გაუტარებიათ შენზე ფიქრის გარეშე. კითხვისას, თარგმნისას, ავტობუსში თუ ჩვენს უნივერსიტეტში, ფონად შენგან დატოვებული ამბივალენტური ემოციები გამდევს. 

რომ შემეძლოს, სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით. მთელ ცხოვრებას მოგიძღვნიდი და არცერთი წამი დამენანებოდა შენთვის. მაგრამ შენ ჩემი არ ხარ და ამის შეხსენება მანამ მომიწევს საკუთარი თავისთვის, ვიდრე სხვისი არ ”გავხდები.” 

შენ ჩემი სილამაზის სტანდარტი შეცვალე. ყველაში შენ გეძებ. ვიღაც თუ ოდნავ მაინც არ გგავს, ლამაზად ვერ აღვიქვამ. 

შენ მე იდეალად გაქციე. მიუხედავად ყველაფრის, შენ ის პირველი ხარ, ვისი არსებობაც მაბედნიერებს. და ამ სიაში ალბათ მანამ იქნები, სანამ ვიარსებებ. შენ ჩემი ოცნება ხარ შეუძლებლობის შესახებ. 

დაგკარგე, მაგრამ სამუდამოდ ჩემში დარჩები. შენი მანერები, მიმიკები , ქცევები გავითავისე და ასე დაგტოვე ჩემთან. შენ აღარასოდეს განმეორდები.

12/12/12 12:12–ზე შენთან ერთად მივაბიჯებდი თბილისის ნაცრისფერ ქუჩაში, შენთან ბედნიერება ჩავიფიქრე იმ დღეს. მიხაროდა მაშინ, იმ საღამოს შენს გვერდით ვიჯექი მოსაწყენ ლექციაზე, თითებს ვაპარებდი შენი თითუკებისკენ. შენს გვერდით ვიყავი და მაინც შენზე ვოცნებობდი რატომღაც. 2013–საც შენთან ჩახუტებული შევხვდი, არასდროს დამავიწყდება, შუაღამის სიცივეში რომ გამათბეს შენმა ტუჩებმა. მთელი ქალაქი ჩვენს ბედნიერებას ზეიმობდა თითქოს. 

ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენ, როგორ მინდა, ბედნიერი იყო. ბედნიერი თუნდაც მაშინ, როცა შენი ბედნიერება ჩემსას გამორიცხავს. არ შემიძლია მახსოვდე ცუდად, შენ ჩემი ყველაზე ბედნიერი წუთების შემოქმედი ხარ. 

არასდროს დავიღლები შენზე წერით და ლაპარაკით. შენ ჩემი ყოველწუთიერი მუზა ხარ. მუზა, რომელმაც სამი თვეა ჩვეულ ცხოვრებას გამომთიშა. 

კვლავაც ჩაგკიდებ ხელს ხელზე.. როცა დავიძინებ. ისევ მოვუსმენ შენს სუნთქვას, ისევ ჩაგეხუტები,სიზმარში მაინც. 

შენ მე შემცვალე. ზამთარი შემაყვარე. უკეთეს ადამიანად მაქციე. და მაინც, არ ვიცი, ასე რატომ შეგიყვარე. 

შენი დანახვისას ჟრუანტელი მივლის, სახელის გაგონებაზე გული მიჩქარდება. სულ რაღაც ხუთი კვირა და რამდენიმე ათასი კილომეტრით მოგშორდები. ალბათ ხუთი კვირა და მერე სულ გადამეკარგები თვალიდან. მაინც ვერ დაგივიწყებ. სულ ვეღარ გნახავ, ახლა ის მაინც შემიძლია, ვითომ შემთხვევით, სინამდვილეში განგებ გადაგეყარო სადმე.. შემიძლია საათით ადრე მოვიდე უნივერსიტეტში ლექციიდან გამოსულს კიბეებზე მაინც რომ მოგკრა შორიდან თვალი.

თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს. ვერავინ გაიგებს შენს შინაგან სიღრმეებს, სევდას, ‘’შავ–ბნელ’’ მხარეებს, ლექსებს.. ვერავინ გაისიგრძეგანებს შენს ტკივილს, ვერაფერი გაამეორებს ჩვენს ბედნიერ წუთებს.. სხვა ვერავინ დატოვებს გამოცდას შუა გზაზე და აგედევნება თვალის მოკვრის იმედით.  შენ ჩემი ცხოვრების აზრად იქეცი. შენ სიამაყის ბოლო ნატამალიც კი გამომაცალე, გამაგიჟე და ერთ ცივ ღამეს, მარტო დამტოვე სამყაროს პირისპირ.

შენ ჩემში ჩაღვრილი ყველაზე ტკბილი მუსიკა ხარ. გაღმერთებ. და მაინც, შენ ჩემი არ ხარ. შენ ჩემი პარალელური სული ხარ, აწი რომ ვერასდროს გადავკვეთ.

ტკივილამდე მენატრები.

მე.. 

Advertisements

2 thoughts on “პასუხგაუცემელი ”უკანასკნელი” წერილი ..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s