ინგსოციდან სოც.პოლამდე

გუშინ, 18 მაისს უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. არჩევნები ალბათ უფრო პირობითად ითქმის. არჩევნები მესმის, როგორც საშუალება, გააკეთო არჩევანი რამდენიმე მხარეს, იდეებს და მოსაზრებებს შორის. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გარდა, არჩევანის თავისუფლება არცერთ სხვა ფაკულტეტს ჰქონია, თუ ზუსტების პირველ და მეორე კურსს არ ჩავთვლით.

ნარინჯისფერი სტუდენტები ვართ ის ადამიანები, რომლებსაც უპირველესაც გვსურდა, ჩვენი მეგობრებისთვის, კურსელებისთვის მიგვეცა არჩევანის თავისუფლება და არ გვეგრძნო თავი იმ ეპოქაში, ჩვენს მშობლებს რომ მოუწიათ ახალგაზრდობის გატარება. ვფიქრობ ნაწილობრივ თავი გავართვით ამ ამოცანას.

მართალია ჩვენთან ასე ეშინიათ პლურალიზმის, მიუხედავად ჩვენი ევროპელობანას თამაშისა, მაგრამ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ვცადეთ , შეგვექმნა პრეცედენტი ღირსეული და სამართლიანი ბრძოლის, თუმცა რამდენად სამართლიანი იყო ბრძოლა მეორე მხრიდან, ამის განსჯა სტუდენტებზე მიმინდია.ახლო მეგობრებმაც კი ნარინჯისფრები იდეალისტებად მოგვნათლეს, თუმცა გუშინ დამტკიცდა, რომ სტუდენტური იდეალიზმით სავსე რეალისტები უფრო ვყოფილვართ. დაკვეთა ალტერნატივისა, რომელიც სოცპოლზე არსებობდა, შევასრულეთ და ორი კვირის განმავლობაში ცდა არ დაგვიკლია, ჩვენი სათქმელი მიგვეტანა ფაკულტეტამდე და მთელ უნივერსიტეტამდე და გაგვეზიარებინა იდეები თუ მოსაზრებები, რომლებიც გააჩნდათ ჩვენს მხარდამჭერებს.

ის, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს თვითმმართველობის პრიორიტეტად ადმინისტრაციამდე მათი პრობლემების მიტანა მიაჩნია და არა გასართობი ღონისძიებები, მეტყველებს იმაზე, რომ სტუდენტებს სურთ მათი სახელით, მანდატით ესაუბრებოდნენ ადმინისტრაციას მათთვის მნიშვნელოვან თემებსა და პრობლემებზე. თუმცა არც სხვადასხვა ღონისძიებებსა და შეჯიბრებებზე უარის თქმა მიმაჩნია მიზანშეწონილად.

ჩვენი გზა არის ევროპული არჩევანის გზა, გზა თავისუფლებისაკენ, დემოკრატიისაკენ, რადგან ვფიქრობ, რომ რეალური დემოკრატია უპირველესად ქვემოდან უნდა იწყებოდეს და იწყებოდეს მოაზროვნე, განათლებული ახალგაზრდობისგან, მომავლის საქართველო მომავალმა თაობამ უნდა ააშენოს ჩვენ უფროს თაობებთან ერთად. სტუდენტობა მესახება საზოგადოების განვითარების ავანგარდში, თუმცა ხშირად ვამჩნევთ, რომ ქართველი სტუდენტები საზოგადოების განვითრებას უკან მისდევენ.

მიზანი ცვლილებებია, ოღონდ თანდათანობითი , გააზრებული ცვლილებები, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა გახადოს მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენც ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ უნივერსიტეტის ხელახლა ქცევაში განათლებისა და მეცნიერების ერთობლივ კერად.

ჩემთვის უნივერსიტეტი არის ყველაზე წმინდა ადგილი, წმინდა ყველა საკულტო ნაგებობაზეც კი, რადგან სწორედ უნივერსიტეტი მესახება ახალი საქართველოს სიმბოლოდ, სიმბოლოდ განათლებული, თავისუფალი, სოლიდარული საზოგადოების. თავისუფალი საზოგადოება ჩემთვის წარმოუდგენელია განათლებული ახალგაზრდობის, სტუდენტობის გარეშე, რომელსაც უნდა შეეძლოს რაციონალურად აზროვნება, ფიქრი და მიეცეს არჩევანის საშუალება, მისი უფლებები კი არ უნდა ილახებოდეს განსხვავებული აზრის გამო.

გავმეორდები, რომ ჩემი არჩევანი ევროპული გზაა, ამიტომაც წინასაარჩევნო პერიოდი ვცადეთ ყოფილიყო ევროპული, დაფუძნებული იდეებსა და ღირებულებებზე, წარვადგინეთ პროგრამა, გავითვალისწინეთ ინიციატივები და რამდენჯერმე შევხვდით მხარდამჭერებს. მოვაწყვეთ მშვიდობიანი მსვლელობა , ნარინჯისფერი ლენტებით, ბუშტებით, იმ მინიმალური რესურსებით, ჩვენ რომ გაგვაჩნდა. საერთოდ ვთვლი, ჩვენი უდიდესი რესურსი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო, რაც კარგად დაინახეს სტუდენტებმა. ჩემ გვერდით იდგნენ გამორჩეული სტუდენტები, თავიანთი აკადემიური მოსწრებით, ინტელექტუალური შესაძლებლობებით თუ სხვა დადებითი პიროვნული თვისებებით.

ჩემი უმთავრესი მოლოდინი გაუცხოების აღმოფხვრაა მხარეებს შორის, სტუდენტები ჩვენთვის მტკივნეული პრობლემების გადასაჭრელად გვერდი-გვერდ უნდა დავდგეთ და მივივიწყოთ იდეოლოგიური თუ სხვა სახის განსხვავებები. მჯერა ჩვენ მეგობრებთან ოპონენტი გუნდიდან შევძლებთ საერთო ენის გამონახვას, რადგან ვსწავლობთ ერთ უნივერსიტეტში და გვაწუხებს მსგავსი პრობლემები.

116/ 4-ზე ის შედეგია, რომელიც ცესკომ 20 საათის წინ გამოაქვეყნა. საარჩევნო დღე არაერთი დარღვევით აღინიშნა, თავდაპირველად არ მოგვეცა უფლება დავკვირვებოდით კამერას, რომელიც საარჩევნო უბანს აფიქსირებდა. მესამე კორპუსის შესასვლელსა და ეზოში მიმდინარეობდა აგიტაცია, პირველკურსელებს აწვდიდნენ მცდარ ინფორმაციას, რომ თუ გამოიყენებ შვიდ ხმას, შვიდივე ერთ სუბიექტს უნდა მისცე. ასევე სტუდენტების გამოყვანა ლექციებიდან და ამ ლექციებზე მოწოდებების გაკეთება. მომესმა ფრაზები, ”საერთაშორისოები მოვიყვანოთ”, ”გეოგრაფები მოგვყავს” და ა.შ. ზოგიერთ სტუდენტს მიაკითხეს სახლში და მანქანით მოიყვანეს საარჩევნო უბანზე. თურქ სტუდენტებს ხელზე წააწერეს ნომრები, ესენი შემოხაზეთო. მეორე საარჩევნო უბანზე, სადაც მესამე და მეოთხეკურსელები აძლევდნენ ხმას, 18 საათის შესრულებისთანავე, ერთ-ერთი პირის დაცვასთან გადაჩურჩულების შემდეგ, გამოირთო მონიტორი და ვერ დავაკვირდით ხმის დათვლის პროცესს. იგივე განმეორდა მესამე კორპუსშიც, პირველ საარჩევნო უბანზე. მოგეხსენებათ ის იმარჯვებს, ვინც ხმას ითვლისო, ამიტომაც არ გაგვკვირვებია შედეგი, რომელიც პირველ და განსაკუთრებით მესამე კურსზე დაიდო. ამასთან დაკავშირებით გამოვითხოვეთ ვიდეოს ნახვის და ხელახლა ხმების გადათვლის უფლება.

სოც.პოლის მეორე კურსზე გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავით, რასაც წინაასარჩევნო კვლევაც ადასტურებდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალგაზრდა სოციოლოგეთა ასოციაციას. მათი შრომა კიდევ ერთი ნაბიჯი იყო, არჩევნების სამართლიანად ჩატარების გზაზე, გაყალბების პრევენციისათვის. ერთადერთი ფაკულტეტის ერთადერთი კურსი, მეორე კურსია . რომელმაც აჩვენა და მოგვცა იმედი, რომ უნივერსიტეტში ჯერ კიდევ ესმით პლურალიზმის, დემოკრატიის და განსხვავებული აზრის საჭიროებისა ყველგან და ყველაფერში. მანდატი თავისუფლებისათვის, მანდატი ნარინჯისფერი სოცპოლისთვის, რომელიც მათ გასცეს არის უპრეცედენტო მთელი უნივერსიტეტისათვის. შეუფასებელია მათი მონდომება ცვლილებებისათვის, რომლისთვის მუშაობას და ბრძოლას მე და ჩემი მეგობრები კვლავაც გავაგრძელებთ.

ვულოცავ ყველა კანდიდატეს, რომელმაც ღირსეულად გაიმარჯვა ამ არჩევნებში და გახდა თვითმმართველობაში სტუდენტების წარმომადგენელი. გამოვთქვამ იმედს თანამშრომლობის, დიალოგის და მჯერა, ვიმოქმედებთ ერთობლივად უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე.

ვამაყობ და ვარ ბედნიერი, რომ ჩემ გვერდით სწავლობენ თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რომლებმაც ყველას დაუმტკიცეს, რომ ბრძოლას აქვს აზრი. რომლებმაც ბევრ სტუდენტს დაუბრუნეს რწმენა, რომ შიშველი ხელებით შეგვიძლია ბრძოლა უკეთესობისკენ.

სოც.პოლი კურსი II

ცვლილებების დროა, თქვენ უკვე ხართ პირველი ცვლილება უნივერსიტეტში!

”წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახული!”

4 thoughts on “ინგსოციდან სოც.პოლამდე

  1. დიდი იმედი მქონდა, რომ პირველ კურსზე ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მაინც გავიდოდა მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ მეამაყება დღეს, რომ თსუ-ს პირველკურსელი ვარ, თუმცა მაინც მიხარია, რომ ასე თუ ისე, ყველაზე აქტიური ფაკულტეტი ვართ და მჯერა არჩევნებით ყველაფერი არ დასრულდება. წინასაარჩევნო პროგრამას რაც შეეხება, სტუდენტებთან შეხვედრას, გაუცხოების აღმოფხვრას და ა.შ. ძალიან კარგია, რომ ყველაზე უშუალო გაერთიანებაა ,,ნარინჯისფერები” აღმოჩნდა, ჩემი დიდი სიმპათია სწორედ ამ ნაბიჯებით დაიმსახურეთ.

    • მიხარია ყველა მსგავსი შინაარსის კომენტარი თუ პირადი შეტყობინება,რომელსაც პირველკურსელი წერს და ამბობს.
      ამ ყველაფრის შემდეგ ვასკვნი,რომ მე პირველ კურსზე არჩევნები არ წამიგია.

    • სამი ორგანიზაცია უნდა დაკვირვებოდა. მაგრამ არავისგან არაფერი გვსმენია. ჩვენს უბნებზე იყვნენ თუ არა.
      ვიდეოჩანაწერი გამოვითხოვეთ ერთ-ერთი უბნის და ხმის გადათვლას ვითხოვთ ხელახლა.

Leave a reply to otius კომენტარის გაუქმება