დამოუკიდებელ კანდიდატთა მიმართვა- ალტერნატიული ხედვა

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ,  დამოუკიდებელი კანდიდატების სტატუსით მონაწილეობა მივიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას და  საკუთარ მოქმედებებს ვაფუძნებთ მხოლოდ  საუნივერსიტეტო ინტერესებზე.

თანამედროვე უნივერსიტეტი  წლების განმავლობაში გადაულახავი  უამრავი პრობლემის წინაშე დგას. უმძიმეს მდგომარეობაშია სასწავლო შენობათა უმრავლესობა; სტუდენტები და ლექტორები არ არიან უზრუნველყოფილნი ელემენტარული პირობებით, რათა მათ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა აწარმოონ, თეორიასთან ერთად განავითარონ თავიანთი პრაქტიკული შესაძლებლობები; სათანადო მხარდაჭერა არ აქვს სახელმწიფო ენაზე აქტუალური სამეცნიერო ლიტერატურის შექმნასა თუ თარგმნას; უკიდურესად ცენტრალიზებულია მმართველობითი სისტემები, ერთპიროვნულად ან ნაკლები თანამონაწილეობით, განსხვავებული აზრის გაუთვალისწინებლობით მიღებული გადაწყვეტილებები რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენი ინტერესების დაცვისა და წარმოდგენის აუცილებლობის საკითხს; ყველა საუნივერსიტეტო მიმართულებით მთავარ მოთამაშედაა ქცეული შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე მაღალი რანგის ბიუროკრატია, სტუდენტები საუნივერსიტეტო საზოგადოების მეორეხარისხოვან წევრებად ვგრძნობთ თავს.

უნივერსიტეტის გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ:

  • ყოველი სტუდენტის გააქტიურებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სტუდენტებსა და თვითმმართველობას შორის არსებული გაუცხოების აღმოფხვრას.
  • თვითმმართველობის საბიუჯეტო და ადმინისტრაციულ დეცენტრალიზაციას.
  • თვითმმართველობის არაბიუროკრატიულ, გამჭვირვალე სტრუქტურად გარდაქმნას.
  • სტუდენტებთან ინტენსიურ ურთიერთობასა და მათი  პრობლემების აღმოსაფხვრელად მხარდამჭერი (ლობისტური) კამპანიების წარმოებას ( ადმინისტრაციასთან და სხვა სტრუქტურებთან  სტუდენტური პრობლემების დღის წესრიგში აქტიურად დაყენება და მათ გადასაჭრელად სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება).
  • საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას.
  • საუნივერსიტეტო განათლების სრულყოფის მიზნით სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქამიანობის მხარდაჭერას.
  • მთარგმნელობითი მუშაობის წახალისებას.
  • ელექტრონული ბაზების გაუმჯობესების, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის მოთხოვნას.

ჩვენ ვესწრაფვით უნივერსიტეტში  თავისუფალი, არაძალადობრივი და სამართლიანი  ურთიერთობების დამყარებას, პლურალიზმსა და  გამჭვირვალობას. უნივერსიტეტის დამფუძვნებელთა მსგავსად, უმაღლეს სასწავლებელს ჩვენ მოვიაზრებთ  განათლებისა და მეცნიერების ერთობლივ კერად.

ერთად დავიბრუნოთ უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტი სტუდენტებსა და ლექტორებს!

ართმელაძე ასლან (II კურსი)

ბაქაქური თორნიკე (I კურსი)

გვენეტაძე გაგა (I კურსი)

კობახიძე ოთარ (II კურსი)

ლორთქიფანიძე ლევან (II კურსი)

სირბილაძე ჟანა (III კურსი)

ჩარგეიშვილი თორნიკე (III კურსი)

დატოვე კომენტარი