გამოცდები, დეკანი და მოწუწუნე სტუდენტობა..

17 თებერვალი, თსუ-ში ძირითადი გამოცდები დასასრულს მიუახლოვდა. შეიძლება ითქვას, უაზროდ გაწელილი შემოდგომის სემესტრი უკვე წარსულს ჩაბარდა. ერთადერთი რაც გვაკავშირებს,  საგამოცდო შეფასებების მოლოდინია. არ ვიცი რა შთაბეჭდილება დამრჩებოდა, პირველკურსელი რომ ვყოფილიყავი. წლევანდელთან შედარებით შარშანდელი კოშმარიც კი ტკბილ მოგონებად მეჩვენება. ჯერ იყო და სწავლის დაწყების თარიღმა გადაიწია, შესაბამისად ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაწყებული, კვირა არ გასულა, ან შუალედური გამოცდა, ან გამოცდა არ მქონოდა. 

წლევანდელი წლით, ვერ ვიტყვი, რომ მოხიბლული ვარ. ვსწავლობდი ჩემთვის უინტერესო საგნებს, 1-2-ს თუ არ ჩავთვლით, ამასთან მეტად უინტერესო და ნიკოლოზისდროინდელი მეთოდებით. (ვსაუბრობ ძირითად საგნებზე). ალბათ ვინმე მეტყვის, რატომ ვწუწუნებ ამაზე აქ და რატომ დროზე არ აღვნიშნე ამაზე შესაბამის ადგილას. თუმცა ერთი წარმატება ბიუროკრატიულ სისტემაზე მაინც გვქონდა, როცა 28 კაციანი ესპანურის ჯგუფის გაყოფის თხოვნა დაკმაყოფილდა. 

ზემოთ ვსაუბრობდი მეთოდებზე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უნივერსიტეტი ზუთხვის უნარ-ჩვევებს უფრო ავითარებს, ვიდრე – თავისუფალ აზროვნებას. ლექტორების ნაწილის მხრიდან ყურადღება აზროვნებას კი არ ექცევა, არამედ იმას, თუ როგორ ზედმიწევნით გადმოსცემს სტუდენტი წასაკითხ მასალას. აქ სტუდენტსაც ვერ გაამტყუნებ ბოლომდე. მოგეხსენებათ წითელ დიპლომს მიხამებული სტუდენტების დიდ ნაწილს მაღალი ქულების მეტი არაფერი აინტერესებს, ამიტომ იმას აკეთებს, რითაც უფრო მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. ამ დროს ის, ვისაც თავისუფალი აზროვნება უფრო შეუძლია და ზუთხვის უნარებში მოიკოჭლებს, სისტემა მეტად უმოწყალოდ ექცევა. 

ბუნებრივია, ფაქტობრივი მასალის ცოდნა სასურველია, თუმცა იცოდე ეს მასალა ისე, რომ აქედან დასმულ კითხვას ვერ პასუხობდე, უკვე სამარცხვინოა. ჩემ გარშემო ბევრი სტუდენტის თხრობისას, ყბადაღებულ ქსეროქსებს თუ თითს გააყოლებთ, მერწმუნეთ მძიმეებშიც არ იქნება სხვაობა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თითქმის არცერთი საგანი ავითარებს კვლევის უნარს, არ გევალება მცირედი ანალიზი მაინც იმისა, რასაც სწავლობ. 

მე, საერთაშორისო ურთიერთობების მომავალ სპეციალისტს, არ მესმის, რაში მჭირდება იმის ცოდნა დეტალებში, თუ როდის, რომელ წელს და რამდენი კოლონია დაიპყრო ინგლისმა აფრიკაში, ან რამდენი ტომის ხალხი ცხოვრობს თითოეულ აფრიკულ ქვეყანაში. არ მესმის, რაში დამჭირდება ამდენი თარიღი, რომლის სწავლასაც ასე დაჟინებით ითხოვენ. არ მესმის, რატომ უნდა დააკლოს ლექტორმა თუნდაც ორი ქულა იმაში, რომ ინგლისის 9 კოლონიიდან 2-ის ჩამოწერა ჩამონათვალში დაგავიწყდა. თარიღს თუ ქვეყანას წყაროებში ყოველთვის მოიძევ, სამაგიეროდ ვერასდროს ისწავლი კვლევის ანა-ბანას, თუ მხოლოდ ამ თარიღებს ჩააცივდები, ვერასდროს ისწავლი აზროვნებას, კამათს , დისკუსიას, თუ მხოლოდ თარიღების ზუთხვაზე გადაერთვები.

არ მესმის, რატომ უნდა წერდეს ეკონომიკის ერთ ელემენტარულ ტესტს 5 სტუდენტი ერთდროულად,თუ რაგინდ უხეიროდ არ უნდა დაწერო, მასში მაინც  ერთ ქულას დაგიწერენ? ან რატომ უნდა გაკლდებოდეს მერე ამ ტესტის ქულა, თუ რაიმე მიზეზით ლექცია გაგიცდა? 

სამწუხაროდ სტუდენტების დიდ ნაწილს, მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ ადვილად წერს ნიშნებს ქულებს ლექტორი. ამ დროს არავინ აქცევს ყურადღებას მათ პროფესიონალიზმს და უნარს. ერთადერთ საზრუნავად დღეს, მხოლოდ მაღალი GPA იქცა. ან კიდევ სტიპენდია. ბუნებრივია, ქვეყანაში , სადაც 1,5 მილიონი ღარიბ/ღატაკი ცხოვრობს, 110 ლარიან სტიპენდიასაც თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ თუ სტიპენდიას და შენს გაზუთხულ ცოდნას ერთმანეთთან მხოლოდ ქულები აკავშირებს, ვფიქრობ, ვერაფერი ხეირია. ის რომ თითოეული ქულა ადეკვატურად იწერებოდეს და სამართლიანად და იგი მიღებული ცოდნის შესაბამისი იყოს, მშვენიერი იქნებოდა, მაგრამ გეკუთვნოდათ თუ არა ის , რაც ანკეტაში გიწერიათ, დაფიქრდით,   რამდენად გაქვთ მათზე წუწუნის უფლება. 

გუშინ ფაკულტეტის დეკანს ვესტუმრე, ნიშნების ფურცელზე მისი ხელმოწერა იყო საჭირო. მან თავადვე დამისვა კითხვა, რამდენად კმაყოფილი ვიყავი სწავლის ხარისხით მიმართულებაზე. ბუნებრივია ცალსახად არ შემიფასებია არსებული სიტუაცია, თუმცა აღვნიშნე ყველა ის პრობლემა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.მხოლოდ განსხვავებით ამ პოსტისგან, დეკანს ლექტორების გვარებიც დავუსახელე, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგანან. დასკვნა, რომელიც მასთან საუბრიდან გამოვიტანე, ასეთია : ”მოითხოვეთ და მოგეცემათ”. ვფიქრობ, თუნდაც ამ პოსტში ან სოციალურ ქსელებში წუწუნით საქმე არ გაკეთდება. 

სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლექტივისტური საზოგადოების პირმშო სტუდენტობას, კოლექტივიზმის და ურთიერთსოლიდარობის უნარი მაშინ ღალატობს, როცა ეს საჭირო და აუცილებელია. 

ერთმანეთის გვერდით დგომა და კონცენტრირება სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად,ჰაერივით საჭიროა. თუმცა სანამ კურსელი  საერთო პრობლემის გადასაჭრელად გვერდით  მხოლოდ იმის გამო არ დაგიდგება, რომ მისთვის გამოცდის ქულა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პრობლემის მოგვარება, სანამ თსუ-ელი ლექტორი ხატად კი არა, ჩვეულებრივ მოკვდავებად არ მოგვეჩვენებიან, მანამდე არანაირი პრობლემა არ მოგვარდება.  

პატივისცემით,

იბერიელი

Advertisements

35 thoughts on “გამოცდები, დეკანი და მოწუწუნე სტუდენტობა..

    • მაღალ ქულებს დახარბებული სტუდენტები, რომლებიც რეალურად გაზეპირების ხარჯზე მოიპოვებენ მათ, ყველგან არიან, სამწუხაროდ.

      • ცუდიც ეგაა, რომ ვისაც ევალება მაგის შეფასება, ანუ ლექტორებს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. თუ ვინმე გაზუთხულს მოყვება, ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ მან იცის?

      • პრობლემას როგორ ვერ ხადავენ, ზოდი ხედავს, მაგრამ ეგუება, გარკვეულ მიზეზთა გამო.

  1. წელს მხოლოდ იმ საგნებს ვირჩევ, რაც მაინტერესებს და ვფიქრობ რომ გამომადგება. ლექტორების არჩევას რაც შეეხება, უმეტესობა მაინც საგამოცდოდ სწავლობს ყველაფერს წიგნებიდან და კონსპექტებიდან. ლექტორის როლი მხოლოდ ქულების დაწერის დონეზე დადის. მე პირადად ზოგიერთ საგანში ნაკლებად მაინტერესებს ლექტორის პროფესიონალიზმი, თუ ვიცი რომ ქულაზე პრობლემა არ მექნება.

    • პრობლემა სწორედ ის მგონია, რომ ლექტორი აღიქმება როგორც ქულების დამწერი დეიდა/ბიძია და არ გაინტერესებს რა ცოდნას მოგცემს იგი.
      ალბათ უაზრობა იქნება ჩემი მხრივ იმაზე ლაპარაკი, რატომაა საჭირო ლექტორი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდეს.
      და კითხვა, რაში გჭირდება ეგ ქულები, თუ მასეთი ლექტორისგან ცოდნას ვერ მიიღებ?
      პ.ს. მადლობა კომენტარისთვის.

      • მაშინ ლექტორის როლი უნდა გაიზარდოს. ლექციის ლექტორი რომ უბრალოდ ლექციის წასაკითხადაა დაქირავებული და არავინ გავალდებულებს დაესწრო, სემინარის ლექტორი კი მხოლოდ წიგნიდან ნასწავლის გამომკითხველადაა დანიშნული, როგორ უნდა აღიქვა სხვანაირად? ლექტორის როლი უნდა გაიზარდოს და არა სტუდენტების თვითშეგნება მაგ სფეროში.

      • ყველა საგნის ლექტორს არ ფვულისხმობ, რა თქმა უნდა. ზოგ საგანს ლექტორის გარეშე ვერც გაიგებ.

      • ლექტორი ლექციის წასაკითხად კი არაა დაქირავებული მხოლოდ, არამედ იმისათვისაც, რომ სტუდენტის ნებისმიერი სახით განვითარებას შეუწყოს ხელი.

  2. ასე მგონია ჩემს პრობლემებზე ვკითხულობდი.. ყველაზე გულდასაწყვეტი ჩემთვის ამ სემესტრში ის ფაქტი იყო, რომ ჩვენს ერთ-ერთ ლექტორთან გარკვეული მოთხოვნით შესვლა რომ დავაპირეთ, სტუდენტთა ნაწილმა მოითხოვა, ჯერ მისი საგამოცდო ქულა დადებულიყო და მერე შევხვედროდით მას. არადა, სუ-ს მიმართულებაზე ”ვსწავლობთ” და თითქოს აქედანვე არ უნდა გვეშინოდეს ამა თუ იმ პიროვნებისთვის ჩვენი უფლებების მოთხოვნა თუ ჩვენი აზრების გაზიარება

    • ნინო, საუბედუროდ ძალიან იდეალისტური მიდგომები აქვთ ჩვენს ჯგუფელებს (ნუ მათ საგრძნობ ნაწილს), ჰგონიათ პასიურები და მიმალულები თუ დარჩებიან და არასდროს ხმას არ გაიღებენ, ამით მიაღწევენ შედეგს.

  3. კარგი პოსტია.
    ასეთი სიტუაცია უკვე წლებია უნივერსიტეტში და იმის მიზეზი, რომ არაფერი არ იცვლება არის ის, რომ სტუდენტები არ არიან ერთსულოვნები, ხმის ამოღებაც ეშინიათ და ერთად დგომა მათთვის უბრალოდ სასაცილოა.
    100 თსუ-ელიდან 90-ს არ მოსწონს იქაური სიტუაცია (იმ 10დანაც 8 თვითმმართველობის წევრია და 2 პირველკურსელი 100%გრანტიანი), მაგრამ ამ 90-დან ერთმაც თუ ამოიღო ხმა უკვე დიდი მიღწევაა. რეალურად არაფერი არ კეთდება უნივერსიტეტში არც გარედან და არც შიგნიდან. რაც შეეხება გამოცდის ქულებს, ეს ელდორადოს ოქროსავით ძვირფასია თითქმის ყველასთვის და ამაშია უბედურება. არა მარტო უფროსმა თაობამ ვერ მოიშორა ეს დიპლომომანია, არამედ ახალგაზრდებსაც ტვინში აქვთ შეზრდილი “დაზუთხული ხუთოსნობა”.

    და საგამოცდო ქულები როგორ იწერება ეს კიდევ ცალკე საკითხია :დ საერთოდ თუ ამოწმებს ლექტორი ზოგიერთ ნაშრომებს ეჭვი მეპარება, აი მაგალითად პირველ გამოცდაზე ჩემს მეგობარს თემა ეწერა, 40 რომ არ დაგეწერა საცოდაობა იქნებოდა, მე კიდევ 21 ქულას ვნატრობდი და საბოლოოდ ისე გამოვედი, რომ 21 კი არა 10საც არ დავუწერდი ჩემს ნაშრომს. გამოცდის შეეგები იმ საღამოსვე დაიდო და ორივემ 32 ავიღეთ :დ
    მეორე გამოცდაზე იმას ისეტი თემა ეწერა 21 ქულას ნატრობდა, მე კიდევ მეგონა მინიმუმ 30ს ავიღებდი. იმან 25 აიღო, მე კი გადაბარებაზე ვარ გასასვლელი :დ
    რა ლოგიკით მოწმდება არ ვიცი :დ

    • კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი 🙂

      გამოცდების გასწორებაზე ჩემ ჯგუფსაც ცუდი მოგონებები აქვს. საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდაზე 15 კითხვიდან 4 და 5 კითხვა ჰქონდათ შეუმოწმებელი. და რაც გასწორებული ჰქონდათ, ისინიც მიჯღაბნილ -მოჯღაბნილი ჰქონდათ.
      იცი რაზე მეცინემა, დარწმუნებული ვარ, იმათი დიდი ნაწილი , ვინც საერთოდ მაღალ GPA-ზეა დახამებული, სწავლის გაგრძელებასაც არ აპირებს საზღვარგარეთ, ჰოდა საქართველოში 2,5 იქნება თუ 3,8 რა აზრი აქვს? გამოდებენ კარადაში მერე და შვილიშვილებს მოუყვებიან წითელ დიპლომზე.

  4. პირველკურსელი ჰუმანიტარი ვარ და საბედნიეროდ ისეთი ლექტორები ნაკლებად მასწავლიდნენ, ვისაც მხოლოდ გაზუთხვა აინტერესებთ და არა სტუდენტის აზროვნება. რათქმაუნდა იყვნენ ბავშვები, რომლებიც გაზუთხვით სწავლობდნენ მასალას, მაგრამ ლექტორი პირიქით აკლებდა ასეთ ნასწავლში. ყველა ტიპის ლექტორი არსებობს და იმედია ისეთებთან არ მომიწვეს ურთიერთობა, ვისთვისაც მხოლოდ გაზუთხვით ”ნასწავლია” მნიშვნელოვანი….

    • შემიძლია მოგილოცო, თუ მსგავს ამბებს არ შესწრებიხარ.
      არის მასეთი ლექტორების კატეგორია, რომელიც არ უღრმავდება იმას, რა იცის სტუდენტმა და მხოლოდ იმით აფასებს, რასაც უყვება.

  5. კი დარწმუნებლი ვარ, რომ არიან. ამ სემესტრში ერთ მასეთ ლექტორთან მეც მქონდა ურთიერთობა. მაგრამ საბედნიეროდ უმრავლესობა აზროვნებას ემხრობოდა.. : ) ლექტორი აუცილებლად უნდა დააკვირდეს რა იცის და როგორ სტუდენტმა. უბრალოდ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დაიზეპირა თუ გაიაზრა…

  6. კომპლექსური პრობლემაა, მოზუთხავე სტუდენტი არაფერს აპროტესტებს, სოციალური ქსელების დონეზეც კი, რადგან იმითაა კმაყოფილი, რაც დაუწერეს და პრინციპშ ხმაც არ ამოეღება . ამ დროს ყველა იჩაგრება, ვისაც ხეირიანად სწავლა უნდა.

  7. კი სრულიად გეთანხმები. მაგრამ ხშირად ეს პროტესტი უაზრობაში გადაიზრდება ხოლმე და პირვანდელ მიზანს აბსოლიტურაც ცდება. თსუში ბევრი პრობლემაა, ამ პრობლემის მოსაგავრებლად კი ერთიანი სტუდენტობაა საჭირო. ჩემი აზრით არაა გამართლებული ღია დაპირისპირება. ეს პრობლემები ცივილური გზებით მშვენივრად მოგვარდება, თუ ყველა სტუდენტი ერთსულოვანი იქნება…

  8. ერთია იყო უკმაყოფილო და მეორე – დააფიქსირო ეს უკმაყოფილება. ერთსულოვნების არარსებობა ქართველების უდიდესი პრობლემაა თუმცა ამას ჩემი აზრით კიდევ მიზნის არ ქონა უსწრებს წინ, იმ მიზნის რასაც განათლება ჰქვია… სოცპოლზე ამ სემესტრში სტუდენტები (ყველა არა რათქმაუნდა) ინგლისურის ბ2 დონის გაუქმებას ითხოვდნენ, როცა მეორე დღეს იმაზე წუწუნებენ, რომ პროფესიული ინგლისური არ ისწავლება იმ პირობებში როცა მასალა ქართულადაც კი არ მოიპოვება.
    და ვხვდები იგივე პრობლემას რასაც აბიტურიენტობისას: რეპეტიტორს ფულს უხდიდნენ არაფერში და აქაც ფულს იხდიან არაფერში, მაგრამ ეს არ ადარდებთ… ასე რომ შენ ვისზეც საუბრობ შიში უკანა პლანზეა დამერწმუნე, თუ მიზანი არა გაქვს და არ გაინტერესებს შენი მომავალი, ყოველთვის უდარდელად იქნები… (ყოველ შემთხვევაში მე წელს წელს ჩემ გარშემო ასეთ სიტუაციას ვხედავ).

    • გეთანხმები სრულიად… სტუდენტების ერთსულოვნება, მხოლოდ მაღალი ქულის მიღებაში გამოიხატება….

    • მიზანი აქვთ, როგორ არა, მხოლოდ ქულები, წითელი დიპლომი და მაღალი GPA…
      მადლობა ჩემ თავს, აქ ფულს რომ ვიხდიდე, გული გამისკდებოდა 😐

  9. თსსუ–ში ვარ და ნუ მართალია მედიცინაზე ვარ,მაგრამ იგივე მდგომარეობაა… მასწავლიან იმდენ სისულელეს,რომ საერთოდ არ მჭირდება… და ამის გამო ყოველდღიურად მასალა იმდენია,რომ სახლში მისულს უნივერსიტეტიდან შუა ღამეს ამიწევია თავი…(ნუ გააჩნია სტუდენტის ნიჭიერებასაც:დ მაგრამ აშკარად მასალის უმეტესი ნაწილი არ მჭირდება,უინტერესოა და ვერ ვხვდები საერთოდ პაციენტთან და მკურნალობასთან რა კავშირი აქვს) … დეკანატში ხო საერთოდ,ასე მგონია დებილები მუშაობენ.პასუხს არაფერზე გცემენ,არაფერი იციან… ცხრილებზე და განრიგებზეე ხო ყოველ დღე იქ უნდა იყო დარჭობილი,რომ რამე სწორი ინფორმაცია გამოიტანო… ნუ მოკლედ კაშმააააააარ რა

    • ვერ ვიტყვი, რომ დებილები მუშაობენ, უბრალოდ მუშაობენ ან ზარმაცები, ანაც საკმარისად მონდომებულები იმისათვის, რომ საქმე გააკეთონ. აი პირველი კატეგორიის ხალხი თუ შეგვხდა, მაშინ დაგერხა. მაგრამ არ უნდა დარჩე მდუმარედ და გააპროტესტო, თუნდაც მასთან ისევ.

      • ხო რა თქმა უნდა 🙂 გაჩუმება არაფერს შეცვლის.აი ხმის ამოღებისას შანსი მაინც გიჩნდება,რომ რაღაც შეიცვლება

  10. Butterfly: ზუსტად მასე იყო ესპანურის ჯგუფში.
    28 კაცი ვისხედით და დრო იმისთვისაც არ იყო, რომ 2 საათში ყველა სტუდენტი ხეირიანად გამოკითხულიყო. თვეზე მეტი გავიდა წუწუნში, არაფერი გაკეთებულა. არც ვინმეს ჯეროდა, თუ გაყოფდნენ და როგორც იტყვიან, ეკიდათ. მაგრამ შევჩივლეთ მიმართულების ხელმძღვანელს და მალევე გაგვყვეს.
    რწმენა იმის, რომ რაღაცას შეცვლი, არ უნდა დაკარგო.

  11. ერთგან სოლიდარობას ითხოვ, მეორეგან კოლექტივიზმზე წუწუნებ, მესამეგან კონკურენციას აწვები… 🙂

    • სოლიდარობა და კოლექტიურობა მესმის როგორც საერთო პრობლემების გადასაჭრელად ერთმანეთის გვერდით დგომა და არა საქეიფოდ ერთად წასვლა, ან ერთად მოლხენა. ასეთი სოლიდარობა სულაც არ უშლის ხელს კონკურენციას, რომელიც აუცილებელია, რომ კარგი და უკეთესი გაარჩიო ერთმანეთისგან.

  12. კარგი პოსტია, მომეწონა. მაგ პრობლემებს ყველანი ვაწყდებით თსუ–ში ვინც ვსწავლობთ მაინც. წინა სემესტრში ახალი ტექნოლოგიების ლექტორი მყავდა, რომლემაც ლეპტოპის ჩართვა არ იცოდა.

    აი, გამოცდები კი საერთოდ ცალკე სასაუბო თემაა. ბოლო გამოცდიდან ერთი თვის თავზე გავიგე ყველას ქულა.

  13. “ზემოთ ვსაუბრობდი მეთოდებზე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უნივერსიტეტი ზუთხვის უნარ-ჩვევებს უფრო ავითარებს, ვიდრე – თავისუფალ აზროვნებას. ”
    სრულიად გეთანხმები… ასევე დავამატებ საშინლად მოუწესრიგებელ მმართველობას… თუ რაიმე გაურკვევლობა შეგექმნა, უსასრულოდ გიწევს, სართულიდან სართულზე სიარული, კათედრიდან სამდივნომდე, კორპუსიდან კორპუსში… სამწუხაროა…
    სადაც განვაცხადებ რომ მაღლივში ვსწავლობ ყველას უაღრესად განათლებული ვგონივარ… ამ დროს ჩემი სახე გაოცების უსასრულობას გამოხატავს…

  14. ძალიან ბევრი პრობლემაა, დაახლოებით მაგ თემაზე დავწერე ბოლოს მეც, აბსოლუტურად სხვა მიმართულებაზე(საბუნებისმეტყველოზე) ვარ და მდგომარეობა იგივეა:დ ერთადერთი რაზეც ბევრი წუწუნებს საორგანიზაცო საკითხები არ არი რთული მოსაგვარებელი ჩემთან და დეკანატის კმაყოფილი ვარ, იცი რა არი, მთელი უნივერსიტეტი ლექტორების შეგნებაზე დგას, რომელიც სამწუხაროდ ბევრს არ გააჩნია, ზოგიერთი მოვალეობის შესრულებით იფარგლება და ამით უქმნის ქვეყანას თაობას :დ ბევრი მეუბნება, რა გინდა ყველაზე უკეთესი მდგომარეობა აქააო, არადა ეს ის შემთხვევაა “ყველაზე უკეთესი” კარგს რომ არ ნიშნავს 🙂 მატერიალისტების და კარიერისტების ხელში ვართ, რომლებსაც მართლა მარტო ქულა აინტერესებთ და იმ საგნის იქით არაც არაფერი წაუკითხავთ და არც არაფერი გაუგიათ:) და მაინც, იმედი მაქვს რაღაც შეიცვლება :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s