ძველი წლის მოგონება, აწმყო და ფიქრები 2012-ზედ..

შარშან, როცა გასულ წელზე ვწერდი, მომავლის პროგნოზებიც გავაკეთე, ბევრი ვერ გამართლდა, ბევრის ახდენასაც ბუნებრივად მოველოდი..
ვერ ვიტყვი, რომ 2011 კარგად გამახსენდება, დანარჩენი 18 წლის სევდა და ტანჯვა ამ ერთმა წელმა დაიტია, წელმა, უკან მიხედვის სურვილს რომ გიკარგავს. დავკარგე ადამიანი, რომელმაც თან ჩემი მოგონებები და ჩემი არსების ნაწილი გაიყოლა. ამიტომაა, მონაცრისფერო წელიწადზე გული რომ არ მწყდება და სიხარულით ვაცილებ, თორემ კაცმა რომ თქვას, არც ახალს ვეგებები დიდი სიხარულით. ბავშვობიდან მეგონა, რომ ყოველი ახალი წელი 1 წლით ნაკლებ სიცოცხლეს ნიშნავდა, რაც ჩემნაირ უკვდავებაზე მეოცნებე პატარას დიდ დეპრესიაში აგდებდა. ვერც მშობლები ხვდებოდნენ მიზეზს, ვერც – სხვები, ისევე როგორც ახლა უჭირთ ჩემი გაგება. თუმცა მე მე ვარ და წლებიც იშვიათად ცვლიან იმ არსს, მე რომ უნიკალურს მხდის. არ ვიცი ცუდს თუ კარგს, ეგ სხვებმა განსაჯონ, მაგრამ მაინც უნიკალურს. მე ხომ ადამიანი ვარ.
წინა ახალ წელს, სურვილი ჩავუთქვი, თუ სურვილები, აღარც მახსოვს. ახლა ვხვდები, ყველაფერი ბავშვობის ახირებას ჰგავს, თორემ თუ არ იბრძოლე, ვერანაირი სურვილი ვერ აგიხდება. თუ არ ოფლის ღვრა, სხვა ვერავინ გააკეთებს შენს გასაკეთებელს.
შარშანაც დეგრადაციისკენ ადამიანის მიდრეკილებაზე ვწერდი, საკუთარი თავი მუდამ მარწმუნებს ამ ჰიპოთეზის სიმართლეში, მაგრამ მე ვცდილობდი ვყოფილიყავი მოქალაქე და უპირველესად ადამიანი, მომავალშიც ამ ადამიანობისთვის ვიბრძოლებ, რადგან ამაზე დიდი ტიტული არ მგონია ქვეყნად სადმე არსებობდეს.
ვნახე უამრავი წარუმატებლობა და არაერთი დამარცხებაც ვიგემე, თუმცა თავს იმით ვიიმედებ და მჯერა, რომ ვისაც დამარცხება არ განუცდია, ის ვერც ვერასოდეს გაიმარჯვებს. თუ არ დაეცი, ვერც ფეხზე წამოდგომის სიხარულს გაიგებ ოდესმე, თუ ქარიშხალში არ მოყევი, მზეს ვერასდროს დააფასებ. გისურვებთ, მზის დაფასება გესწავლოთ ))
არასდროს მიყვარდა ბანალური მილოცვები, ფორმალობები, გულიდან წამოსულს ვამჯობინებ, ვიდრე მოვალეობის გამო ნათქვამს.
2011 – ბევრი კარგი, ბევრიც ცუდი ადამიანი გადამაწყდა, ზოგჯერ ცუდიც უნდა შეგხვდეს თურმე, კარგი რომ დააფასო. მიხარია , თუ შევძლებ და შევინარჩუნებ ადამიანებს, რადგან მათ გარეშე, ვიცი გამიჭრდება.
ტრადიციას არც ახლა ვარღვევ, ბოჩელის ვუსმენ, სამი წელია ჩემს საახალწლო სიმღერად”vivo per lei” იქცა. არ ვიცი, რაღაცებს მახსენებს ალბათ. მახსენებს რა გულუბრყვილო ვიყავი, თუმცა სიმართლე ვთქვა, ახლაც ბევრი რამის განჭვრეტა მიჭირს. კარგი ტრადიციები მიყვარს, ეგაა, ადამიანის საწინააღმდეგო ტრადიციებს ვერ ვეგუები.. ვერ ვეგუები ტრადიციებს, ადამიანებს სიყვარულს რომ უკრძალავენ, თავისუფლებას უზღუდავენ.. შინაგანმა მორალურმა ხმამ უნდა გვმართოს და არა საზოგადოების დაწერილმა უსიყვარულო კანონებმა. ვისურვებდი უფრო ხშირად მოგვესმინოს შინაგანი ხმისთვის, უფრო ხშირად გაგვეღიმოს ერთმანეთისთვის, უფრო გვყვარებოდეს ერთმანეთი…
იოცნებეთ, გაჰყევით თქვენს ოცნებებს და აქციეთ ისინი მიზნებად, იშრომეთ და ყველა მიზანს მიაღწევთ. ნუ მიატოვებთ ოცნებებს შუა გზაში, გჯეროდეთ, ისინი ჩვენვე უნდა ავიხდინოთ.
ფიქრის სიღრმეს და სინათლეს ვუსურვებ საკუთარ თავს და ქვეყანას. ერთად დაგვეძლიოს სიბნელე, გვებრძოლოს უკეთესისთვის.
არც მომავალი 2012-ის გამორჩეულობის მჯერა, თუმცა ვისურვებდი უკეთეს წელიწადს და შევეცდები, თავად გავხადო იგი უკეთესი.
არასდროს ვყოფილვარ ალბათ ისე დაღლილი, როცა ახლა, თუმცა მაინც მგონია, ცდა დავაკელი, საკმარისად არ ვიშრომე და დრო გავფლანგე. ჯერ კიდევ შორია იქამდე, სანამ ალბათ დროის ყადრს ვისწავლი )) საშინელებაა შეგრძნება იმისა, რომ დროს კარგავ და არ გყოფნის, თუმც ჯობს უკმაყოფილება საკუთარი თავით, რაც მუდმივ აქტიურობას გთხოვს..
ახლა თუ ამ წერილს კითხულობ, ზიხარ ინტერნეტში, არ იცი რითი გამხიარულდე, გახსოვდეს, ყოველთვის არსებობს ადამიანი, რომელსაც უყვარხარ და ახსოვხარ. მაქებარს კრიტიკოსი გერჩივნოს და კარგისგან ცუდის გარჩევა გესწალოს , უფრო სწორედ გვესწავლოს.
დროა, 2011-ს ვუთხათ ”მშვიდობით”. იმედი იმისა, რომ მომავალი წელი იქნება უკეთესი შეგვენარჩუნებინოს, თუმცა ბედს ნუ მივენდობით, ვეცადოთ თავად გავხადოთ იგი უკეთესი.
ღიმილიან 2012-ს გისურვებთ!
გისურვებთ უკეთეს საქართველოში ცხოვრებას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რწმენისა, ეროვნებისა, სექსუალური თუ პოლიტიკური ორიენტაციისა, ეთნიკური კუთვნილებისა, საცხოვრებელი ადგილისა 🙂 გახსოვდეთ, ჩვენ ყველას ადამიანები გვქვია!

Advertisements

4 thoughts on “ძველი წლის მოგონება, აწმყო და ფიქრები 2012-ზედ..

  1. 1 წლით დავაგვიანე ამ პოსტის წაკითხვა, თუმცა ძალიან ოპტიმისტურთან ერთად საოცრად (თვით)კრიტიკული მეჩვენა… იცი, როგორია?? შენ რომ გიჭირს და სხვისთვის რომ არ გენანება არც რჩევა, არც კრიტიკა, არც ღიმილი და გულწრფელი მილოცვა…
    მიხარის განწყობა, თავად შექმნა ის, რასაც სხვები უბრალოდ გისურვებდნენ…
    მე კი გისურვებ, აი, ეს განწყობა არ დაკარგო!!!
    დაიღალე ნაყოფიერი საქმის კეთებაში, ხშირად ესაუბრე საკუთარ თავს, იმიტომ, რომ სხვებს, მეგობრების თითქმის 80%-ს შენი ამბები არ ანაღვლებს, 20 %-ს კი შურს…
    ხომ იცი, რომ ყველა ადამიანშია მზე და შენც აცალე, ანათოს!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s