Amorალური საქართველო…

ბოლო დღეებში საქართველოს ამკრძალავ კანონთა ”სერიამ” გადაუარა… როგორც ჩანს, ჩვენი ხალხის ზნეობაზე მოფიქრალთ არ ასვენებთ ფიქრი და ზრუნვის სურვილი, როგორმე ”მორალისკენ მოაბრუნონ” ქართული საზოგადოება…

პირველად ჟურნალ ”ლიბერალიდან” გავიგე, რომ პარკებში კოცნა-ზასაობიდან დაწყებული, ჯდომის მანერებით დამთავრებული ამკრძალავი კანონები ვრცელდება … რამდენიმე დღეში კი, ერთ-ერთი ვებსაიტიდან იმასაც ვგებულობ, რომ თურმე ქუჩაში ლუდის დალევაც იკრძალება. არც ქუჩაში ზასაობაზე ვგიჟდები და დიდად არც ლუდი მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ მიუღებელია (და ალბათ ბევრი დამეთანხმება) ასეთი აკრძალვების დაწესება. ამ ინფორმაციებს რომ გავეცანი, ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ მივმხვდარვარ, სასაცილოა თუ სატირალი ეს ყველაფერი?

ჰო შესაძლოა ვინმესთვის არასასიამოვნოა ქუჩაში მოზასავე წყვილის დანახვა და ცქერა, მაგრამ სხვა მხარეს გახედვაც შეიძლება 🙂 ვიღაცა კიდევ ბავშვის ზნეობაზე ზრუნავს და არ უნდა მისმა შვილმა უყუროს ასეთ კადრებს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვს ზასაობის სცენებს ტელევიზორში და სერიალში აყურებინებ , თუ – ”ლაივში” ?

როგორც ჩანს ამ იდეების ავტორთ ზომაზე მეტად გაუთავისებიათ რუსთველის ”ვეფხიატყაოსანი”… მაგრამ ახლა არც რუსთველის ეპოქაა და არც ჩიხტიკოპებით დადიან ქუჩაში. რუსთველის ეპოქისთვის დამახასიათებელი ”შორით ბნედა, შორით კვდომა” წარსულში დარჩა და ადამიანებს, დიახ ადამიანებს უჩნდებათ სურვილი თავიანთი სიყვარული დაუფარავად გამოხატონ, ერთმანეთს მოეალერსონ… ქუჩაში იქნება თუ სკვერში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს… (ამ კოცნაზე, ტორნატორეს ფილმი გამახსენდა : ”Cinema Paradiso” , მღვდელი რომ ფილმებიდა კოცნის კადრებს აჭრევინებს)…

მიმაჩნია, რომ აკრძალვა ზოგადად ნეგატიური ცნებაა და მით უმეტეს კოცნის აკრძალვა პარკში, ან ლუდის დალევა სკვერში აზრსმოკლებულია. აკრძალვა ხშირად საპირისპირო შედეგების მომტანია. გაგიგიათ ალბათ, ”აკრძალული ხილი ტკბილიაო” და ძნელია ამას არ დაეთანხმო…

ისე კი საინტერესოა რა ბედი ეწევათ იმ კაფეებს, ტროტუარებზე რომ მაგიდა-სკამები აქვთ გამოფენილი და სადაც ხშირად ლუდსაც სვამენ? თუ მხოლოდ უბრალო მოკვდავებზე ვრცელდება ასეთი კანონები? ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს, ქართველ ადამიანს ლუდის დალევა მოუნდეს ქუჩაში, ზოგადად კი, თუ ადამიანები დასაქმებულნი იქნებიან და ქუჩაში ტყუილად დგომა არ მოუწევთ, უკეთესი იქნება. მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერს მეორე მხრიდან, ცალმხრივად უყურებენ და ამ დროს გამომწვევი მიზეზების ძიება ავიწყდებათ.

ისე აქვე დიდი მილის სიტყვებს მოვიტანდი : ” ერთადერთი მიზანი, რომელიც ამართლებს ძალის გამოყენებას ცივილიზებული საზოგადოების მიმართ ამ უკანასკნელის სურვილისდა საწინააღმდეგოდ, სხვებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებაა”. აქ მილი ლიბერტარულ პოზიციაზეა, თუმცა საქართველოში ლიბერტარიზმის უცნაური სახეობა, ლიბერტარული კომუნიზმია მოდაში… მოდაში რა, განვითარდა თუ განავითარეს… ჩვენთან არც ლიბერტარიზმი ესმით სწორად, არც ლიბერალიზმი და არც მარქსიზმი, გაგების პრობლემა ყველაზე მეტად გვახასიათებს…

რა იქნება შემდეგი? ალბათ მალე ბიჭებს გრძელი თმებით და ყურსასმენებით სიარულს აუკრძალავენ, აქაოდა ესეც არ მოსწონს საზოგადოებას, გოგონებს კიდევ გაშლილი თმებით, ”თავღია” სიარულს დაუშლიან… და როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, შეიკერება ჩიხტიკოპების დიდი პარტია, რომელსაც ყველას დაურიგებენ და ვიცხოვრებთ ბედნიერად და მშვიდად, ”ზნეობრივ, მორალურ და სპეტაკ საქართველოში”… მერე იქნება ზეციური საქართველოსკენ ლტოლვის სურვილიც დაეკარგოს ვინმეს, იმიტომ, რომ ჩვენთან საცაა ზეცას მიწაზე გადმოიტანენ და ყველა ქართველს წმინდანად გადაგვაქცევენ…

და მერე გამახსენდება , როგორ მარიგებდა და მელაპარაკებოდა ბებიაჩემი მისი დროის თაობაზე, ”ზნეობაზე”, ეთიკაზე და წარმოვიდგენ, როგორ დავუწყებ მე ლაპარაკს შვილიშვილებს, ჩემს AMORალურ თაობაზე, რომელსაც AMORალურობა და სიყვარული არ დაგვაცადეს და როგორ წაგვართვეს უკანასკნელი იმედი თავისუფლებისა…

აქამდე ადამიანად თუ მიგაჩნდა თავი, ახლა ქანდაკებას უნდა დაემსგავსო, არ აკოცო, არ გაკოცონ, ქუჩაში პირზე ლუდი არ უნდა მიიკარო… მოკლედ, დაახშო გრძნობები, ებრძოლო საკუთარ თავს და მოექცე ჩარჩოში… გიხაროდენ, ეს მომავლის საქართველოა… ამორალური საქართველო….

დიდი მოწიწეებით,
AMORალური იბერიელი…

Advertisements

13 thoughts on “Amorალური საქართველო…

  1. იცი.. რაღაცნაირად ვერ წვდება ჩემი გონება თანამედროვე ქარტულ რეალობას. იმდენად მიუღებელია ეს ყველაფერი ზოგადად, რომ თავი მტკივდება და გულის რევის შეგრძნება მეუფლება ხოლმე (შეიძლება წნევის ბრალია).
    მოცემულ შემთხვევაში პროტესტის გამოხატვა სერიოზული უაზრობაა. ეს იმას გავს მგელს ბატკანი გააგდებინო და არ მოკლა რომელიმე პრინციპის გამო და მერე ყოველდღე ახალ თავდასხმას ელოდო.
    მარაზმია –ის რაც გვჭირს.

    • გეთანხმები–უაზრო გამოხტომა იყო ეს პროტესტი–მარაზმია მართლა ასეთი ამბის ატეხვა!

      • ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ პროტესტი უაზრობა იყო. ვფიქრობ ყველაფრის გატარება და აკრძალვებზე თვალების დახუჭვა არაა კარგი.

    • მოიცა, პროტესტი იყო უაზრობა? და ის რამაც ეგ პროტესტი გამოიწვია ის მისაღები იყო? აკრძალვა არ მგონია ამ შემთხვევაში მისაღები და ქმედითი იყოს. 🙂

    • ერთხელ მახსოვს, ჩემ კითხვაზე უპასუხე ლიბერტარიანელი ვარო და სადაა ეგ შენი ლიბერტარიანელობა? 🙂

      • არასწორად გამიგე ოტიუს. უაზრობაში იმას ვგულისხმობდი, რომ ცალკეული და ასეთი წვრილ –წვრილი უშედეგო პროტესტი, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და შესაბამისად კი ხედავ, რომ ამ მცირე პროტესტის გამოხატვით არ– შეშინებული მგელი უარეს , აფსურდულ კანონებს იგონებს. უაზრობაა პროტესტი რომელიც ჩანასახშივე ფორმალურ ხასიათს ატარებს და შესაბამისად არავითარი შედეგი არ მოაქვს.
        მე მასშტაბებზე მაქვს საუბარი.
        პროტესტს მიზნის ნაწილობრივ მიღწევამდე მაინც აქვს აზრი და ამას ხშირად უფლებებისთვის ბრძოლას ეძახიან.
        ფორმალური არც პროტესტია აზრიანი და არც სხვა რამე. ეს იყო ფორმალური პროტესტის გამოხატვა და ისევე მალე დამთავრდა როგორც დაიწყო. ვინმემ სცადა მისი “ბოლომდე” მიყვანა? ააქვს ამ პროტესტებს პერმანენტული ხასიათი? ეს პერფორმანსი უფროა ვიდრე პროტესი.
        ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს! ვერა! 😦

      • იმედია ამ პატარ-პატარა პერფორმანსებით მაინც გამოფხიზლდება საზოგადოება. სამწუხაროა, რომ ხალხის აქტიურობა ფბ-ს არ ცდება…

  2. ლუდის და საერთოდ სპირტიანი სასმელების დალევა ქუჩაში ბევრ ქვეყანაშია აკრძალული და რატომ გიკვირთ? თუმცა ეს მართლა არ მომწონს!
    და კოცნაობის აკრძალვას რაც შეეხება,რაღაც მომენტში ვეთანხმები,რადგან მართლა ზედმეტი მოსდით! მარტო კოცნა და მიალერსება არავის ცუდად არ ხვდება თვალში, მაგრამ უფრო ხშირად დაუოკებელი ვნების შემსწრენი ვხდებით და ეს არ არის ესთეთიური! თუმცა რამდენად ’გაჭრის’ აკრძალვა?

    • ამ ქვეყანაში არაფერი მიკვირს განსაკუთრებით, მაგრამ არ მომწონს ეგ აკრძალვა. ბევრ ქვეყანას რატომ ვუყურებთ არ ვიცი, ამ ევროპის კანონებს და ღირებულებებს რომ შერჩევით ვეკიდებით, არ მესმის. ყველა კანონი თავისებურად უნდა ესადაგებოდეს ამ ქვეყანას. რა აზრი აქვს , ქუჩაში დალევ და ისე იბოდიალებ მთვრალი , თუ სახლში დალევ და მერე გამოხვალ გარეთ? ან იქნებ რესტორანში დალია ვინმემ და იმან უარესი ჩაიდინა? მოკლედ, უაზრობაა ეგ აკრძალვა მე თუ მკითხავ და იმედია, ბიუჯეტის შესავსებად არ მოუგონებიათ კიდევ.

  3. ჩვენი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნები არ მთავრდება. რატომ ვერასოდეს ვპოულობთ რაღაც შუალედებს? თუნდაც კოცნასთან დაკავშირებით… ყველაზე მარტივი რა შეიძლება მოვიფიქროთ… იმ დაცვის თანამშრომლებმა თუ ვინცაა ,,კოცნაობის ზედამხედველი,” საკუთარი შეხედულებისამებრ მაინც მოიქცეს და არა ისე რომ ყოველ თვალდახუჭულ ადამიანს რომელზეც ეჭვი გაუჩნდება კოცნის სურვილი აქვსო, ადმინისტრაციული ჯარიმა ან რამე მსგავსი ააწებოს. ქეთუსის ვეთანხმები, ვის არ უკოცნია ერთმანეთისთვის პარკშიც და ქუჩაშიც მაგრამ ზოგი საათობით რომ ძღება სხვისი ნერწყვით, ცოტა არაესთეტიკურია სხვა თუ არაფერი. ყველა ერთ ქვაბში არ უნდა იხარშებოდეს…

    • შიო, მადლობა კომენტარისთვის პირველ რიგში . 🙂

      ახლა, რაც შეეხება დაცვის თანამშრომელს თუ ”კოცნაობის ზედამხედველს”, ვფიქრობ საკუთარი შეხედულებისამებრ რომ სჯიან, ეგაა უბედურება სწორედ 🙂 უკიდურესობებზეც გეთანხმები პრინციპში, შუალედი კი ის იქნებოდა, ყველაფერი ისე დაეტოვებინათ, როგორც იყო :))

  4. ჰოუ ბედკრულო სქართველოვ რა გვეშველება
    ვღადაობდი იმაზე, რომ აკრძალეს დალევა და გუშინ და გუშინწინ გამარტეს ლუდის ფესტივალი… ჰმმმმ ლოგიკა სადმე არის?

  5. ლოგიკა იმაშია ჯესი, რომ ლუდის ფესტივალზეც და ლუდის დალევის აკრძალვასაც ფული მოაქვს :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s