ერთი წელი თსუ-ში…

”დრო სწრაფად მიჰქრის” – ამბობენ და მართალიცაა, თითქოს გუშინ იყო ეროვნულ გამოცდებს რომ ვაბარებდი… გამოცდებმა და პირადმა სურვილმა თსუ-ში ამომაყოფინა თავი, პირველ ქართულ უნივერსიტეტში…
უკვე ერთი წელია სტუდენტი ვარ, გუშინ ბაკალავრობის პირველი წელიწადი ჩავამთავრე. უფრო სწორად, ამ დამთავრებას 5 ფინალური გამოცდა მაშორებს.

როგორი იყო ეს ერთი წელი? გამიმართლა თუ არა ”მოლოდინები” უნივერსიტეტმა? ან რა დამრჩა (თუ დავიტოვე) თავში ამ ერთი წლის განმავლობაში? ვფიქრობ დაგაინტერესებთ, მეც რიგითი სტუდენტი ვარ და ალბათ ბევრი ჩემნაირად უპასუხებს ამ კითხვებს… ბევრი იქნებ არ დამეთანხმოს, თქვენი ნებაა : )

მოკლედ, სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ვიცოდი, რომ აბიტურიენტობაზე საშინელი შიდაკონკურსი მელოდა სასურველ მიმართულებაზე მოსახვედრად, დაახლოებით ისიც ვიცოდი რა საგნებსაც გავივლიდი, ასე რომ, თავს წინასწარ ვამზადებდი დაძაბული დღეებისთვის. აბიტურიენტობის ეიფორიიდან გამოსულიც არ ვიყავი, როცა უნის პირველი დღე მოახლოვდა. ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ კარგად მახსოვს პირველი დღე. ისიც მახსოვს , როგორ დავიღალე და მთელი საღამო ვწუწუნებდი, რა ივლის ყოველდღე უნივერსიტეტში, რა დამღლელია მეთქი. 12 წელიწადს სკოლის კედლებს მიჩვეულს, ყველაფერი უცხოდ, დიდად და საინტერესოდ მეჩვენებოდა. ერთადერთი რასაც ვერ შევეგუე, გადათხრილი და ტროტუარაყრილი ჭავჭავაძე იყო. ბევრისგან განსხვავებით, არ ვფიქრობდი, რომ ლექტორი აუცილებლად სათვალიანი , კოსტუმში გამოწყობილი და ხელმწიფესავით გაუცინარი უნდა ყოფილიყო. მართლა, მართლა, ზოგს ასე ეგონა 🙂

საინფორმაციო შეხვედრამ ცოტა არ იყოს სტიმული შემმატა. 400-მა კაცმა რომ ჩემთან ერთად აწია ხელი, ვიფიქრე, ეს რამდენი კონკურენტი მყოლია მეთქი 🙂 გამიხარდა კიდეც და მომავალ კონკურსს საინტერესოობა ვუწინასწარმეტყველე. ალბათ შემეკამათებით, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას ზედმეტად პრანჭიების და ამბიციურების მიმართულებას თუ დავარქმევ. მე თავიდანვე ასე მეჩვენა. მიკვირდა წინა რიგში დაჯდომისთვის ერთმანეთის გადათელვა, კარებთან დიდი ხნით ყურყუტი წინა მერხისთვის, ლექტორისათვის თავის მოწონებისთვის. არადა ამ დროს სასაცილო ისაა, რომ ამ ლექტორისთვის სულ ერთია შენ ვინ ხარ, ხარ რიგითი სტუდენტი და არც იმდენად გამორჩეული, რომ 110 კაცში ადვილად შეგამჩნიოს. მოკლედ, ასეთი ფაქტები ბლომად იყო, იყო სწერვობა-იაზვობაც, ”მე უფრო მაგარი ვარ” მომენტებიც, კაპლიან-ვალიდოლიანი სტუდენტებიც და ა. შ. ის კონკურსი და დაძაბულობა რომ არა, უნივერსიტეტი ალბათ გაცილებით მოსაწყენი მომეჩვენებოდა. კაცმა რომ თქვას, პირველ ნახევარში დასვენებას ვინ დაეძებს , მოსაწყენადაც კი არ მეცალა.

სწავლა დაიწყო თუ არა, ხელში პოლიტიკური ფილოსოფიის ინგლისური მასალები (”რიდერები”) შემაჩეჩეს. კანტი , რუსო და თუკიდიდე მანამდე ინგლისურად კი არა, ქართულადაც არ წამეკითხა და მიკვირდა რანაირად შევძლებდი უცხო ენიდან მათ სწავლას. დიდი გაჭირვების და ნერვების ფასად , ასე თუ ესე, ეგეც შევძელი. აქვე ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ფილოსოფიამ, განსაკუთრებით ლიბერალმა ფილოსოფოსებმა იმდენად შეცვალეს ჩემი აზროვნება, რომ ზოგჯერ მიკვირს კიდეც. იდეალისტი არც ადრე ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი იდეალი გამიჩნდა და უპირველესად აზროვნების გაუმჯობესებისკენ გადავდგი დიდი ნაბიჯი, უფრო სწორად, ეს აზროვნება შევიცვალე გარკვეული კუთხით. იმასაც გააჩნია ამ ყველაფერს როგორ გასწავლიან და შენამდე როგორ მოაქვთ. ამ მხრივ, ვფიქრობ, ნამდვილად გამიმართლა. სწავლის პროცესი იყო მძიმე, თუმცა შედეგი – სასიამოვნო.

დასახული მიზნის ბოლომდე მიყვანა შევძელი, ვსწავლობ იმ სპეციალობას , რომლის სწავლაც მინდოდა და რომლისთვისაც საკმაო ვიშრომე. შრომაც მეტი შემეძლო ალბათ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შედეგიც ნორმალურად მიმაჩნია. მიხარია ის, რომ სწავლა ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანებთან ერთად მიწევს, რაც კიდევ უფრო მეტი სტიმულით მავსებს.

ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტში ჩამბარებლებიდან და კონკრეტულად ამ მიმართულებაზეც ბევრი უცნაური თუ საცნაური მიზეზით აბარებს : ზოგს ”კარგად გათხოვება” სწადია, ზოგს – ბევრი ფული (არადა ასეც არ არის), ზოგს კიდევ ‘ნამეტნავმა’ პრაგმატულობამ ან მშობელმა აფიქრებინა ასე. ბევრს თეორია და მეცნიერებაც (გვ)აინტერესებს.

უნივერსიტეტში შემოსვლისთანავე ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. არეულმა ცხრილებმა, უსაშველოდ დიდმა შუალედებმა, სასურველი საგნის არჩევისთვის ღამის თენებამ , კორპუსებს შორის სირბილმა და ერთი ფარატინა საბუთისათვის ასეულობით მეტრის გავლამ, დღევანდელი უნივერსიტეტი მრავალმხრივ დამანახა. უნივერსიტეტში , რომელშიაც ათასობით სტუდენტი სწავლობს ასეთი პრობლემები ალბათ ხშირად იქნება, მაგრამ გამოსწორების გზების არ თუ ვერ ძიებაც, ვაღიაროთ,კარგად შეინიშნება. საათივით აწყობილი ამ ქვეყანაში ბევრი არაფერი მეგულება, არც უნივერსიტეტი მეგონა სამოთხე ამ მხრივ, თუმცა მაინც არ ვიფიქრებდი ზოგიერთი იმ პრობლემის არსებობას, რასაც აქ ვაწყდები.

მაღლივის ზეციური აუდიტორიები თუ ვაკის სარდაფები თავისებურ ელფერს სძენდა სტუდენტობის პირველ წელიწადს. ზაფხულში სიცხის, ზამთარში კი სიცივის პოლუს მაღლივში გამოცდებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. გამოცდამდე საკმაო ხანს გარეთ ლოდინმა შუა იანვარში შესაძლოა ტვინი უარესად გაგიყინოს და კბილებიც აგიწაკწაკოს 🙂 გამოცდისთვის თუ ავა სტუდენტთა უმეტესობა მაღლივში , თორემ ბიბლიოთეკისთვის და წიგნებისთვის მაღლივში სიარული ძალზედ მოუხერხებელია. არადა ბიბლიოთეკის ხელმისაწვდომობა და კარგი საკითხავი გარემო განსაკუთრებით საჭიროა ზამთარში, როცა შეგეძლება მშვიდად და თბილად ბიბლიოთეკაში დაჯდე და საინტერესო ნაწარმოები იკითხო.

სტუდენტობაზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას: ჩაბარებამდე ჩვეულებრივი სტუდენტი სულ სხვანაირი წარმომედგინა. უფრო მფეთქავი, ცოცხალი, აქტიური და რაციონალურიც. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვეულებრივი სტუდენტი დღეს პასიური, აპოლიტიკური, ინდიფერენტული და ნიჰილისტია, ზოგჯერ უკომპრომისო კარიერისტიც, რომელიც ყველა პრინციპს გადააჯიბებს წინ წასასვლელად. ჩემდა გასაკვირად, ხშირად მაოცებს სტუდენტთა შეხედულებები რიგ საკითხებზე. ამიტომაც რამდენჯერმე ვთქვი, რომ უნივერსიტეტში ბნელი შუა საუკუნეების ეპოქა იდგა და დგას. ვიღაცები დამეთანხმნენ, ვიღაცებმა კიდევ ცუდად გაიგეს ჩემი ნათქვამი. დღეს უნივერსიტეტში დგას ქსენოფობიის, ჰომოფობიის პრობლემა, ადამიანები აზროვნებენ და ემორჩილებიან სტერეოტიპებს, ზოგჯერ მათი მხრიდან აწყდები არარაციონალურ და ”უაზრო” შეხედულებებს , ამ დროს კამათიც შეუძლებელი ხდება, რადგან იცი, რომ იგი არ მოგიყვანს პოზიციების დაახლოებამდე და პირიქით, მხარეების მოსაზრებებს უფრო დააშორებს ერთმანეთს. ზოგჯერ კამათს და განსხვავებულ აზრს ცემა-ტყეპაც მოჰყვება ხოლმე. ესეც უნივერსიტეტის სამწუხარო რეალობაა და მე თუ მკითხავთ – დიდი პრობლემაც.

ის , რაც მე, როგორც სტუდენტს ეს ერთი წელი ყველაზე ნაკლებ მაწუხებდა, ლექტორების პროფესიონალიზმის საკითხია. ვიტყვი, რომ თითქმის არ მყოლია ისეთი ლექტორი, ვისაც ცოდნას და განათლებას დავუწუნებდი. ბევრი მათგანი ენთუზიაზმის და მე ვიტყოდი, პატრიოტიზმის გამოცააა უნივერსიტეტში. სხვანაირად ვერ ვხსნი, რამ უნდა გააძლებინოს ბევრ მათგანს თსუ-ში, თუ მათ ანაზღაურებას შევხედავთ…

ჩემი პროფილის საგნების შემდეგ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფსიქოლოგია და სოციოლოგია იყო. ფსიქოლოგიის ყოველი ლექცია რაღაც ახლის მომცემი და თვალის ამხილველი იყო ჩემთვის. ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება, ვისაც ჩემ ფსიქოლოგიის ლექტორთან გაუვლია სალექციო კურსი. ზესაინტერესო იყო ჩემთვის სოციოლოგია, მომავალში კიდევ უფრო გავიღრმავებ ცოდნას ამ კუთხით…

და მიუხედავად ყველაფრისა და ჩემი თაობის სიბნელე-სინათლისა, შევძელი და ვიპოვე რამდენიმე ადამიანი, იდეურად და ფასეულობებით ჩემთან ახლო მდგომნი, მაგრამ ასეთებს ვაღიარებ, სხვა კურსელებში უფრო მივაგენი. უფრო სწორად, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. 🙂 შემიძლია მათ ჩემი აზრი გავუზიარო და მიუხედავად იმისა, ეს მისაღებია თუ არა მათთვის, მათ აქვთ უნარი მომისმინონ და გამიგონ. ხშირად იმედგაცრუებასაც აწყდები და ეს განსაკუთრებით მძიმეა, რთულია აღიარება იმისა, რომ შეცდი და რაღაც კარგად ვერ დაინახე.

ვიტყვი იმასაც, რომ მეტს მოველოდი უნივერსიტეტისგან, მოველოდი განათლების უფრო მაღალ ხარისხს, უფრო პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს, ნაკლებ პრობლემებს სხვადასხვა კუთხით, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ აქ სწავლა ღირს, ღირს უთარგმნი წიგნების თუ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ბიუროკრატის მიუხედავად, ღირს პირველ რიგში იმიტომ, რომ პირადად გაქვს მოტივაცია ისწავლო , დაეუფლო კონკრეტულ საქმიანობას, თუმცა არც ამ ვიწროთი იყო შეზღუდული და ზოგჯერ კარიერაზე უფრო მაღალ ფასეულობებზე იფიქრო.

ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს ვუწყრები, შემეძლო მესწავლა და წამეკითხა მეტი, მეტად მეაქტიურა და ბევრი კარგი რამ გამეკეთებინა, მაგრამ სიზარმაცემ თუ ობიექტურმა ფაქტორებმა თავისი გაიტანეს. თუმცა ბევრი რამ დამრჩა და ვთვლი, რომ ერთი ნაბიჯი მეც გადავდგი წინ და ამ დროს, არცერთით უკან არ დამიხევია. ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მიღწევა სტუდენტობაა, სტუდენტობა რომლის გამოკეთებასაც ვისურვებდი… და ყველაზე დიდი შედეგი? დაბალი კონფორმულობა და მაღალი თვითკონტროლის უნარი, როგორც ამ დღეებში ჩატარებულმა ტესტმა მიჩვენა 🙂

მჯერა უნივერსიტეტის პირველი წელიწადი ყოველთვის კარგად გამახსენდება. კარგად გამახსენდება დრო, როცა რონდელი და ჰობსი ჩემ ბიბლიად იქცა, როცა დაბნეული დავაბიჯებდი კორპუსებში და როცა არაერთი ღირსეული ადამიანი გავიცანი…

წარმატებებს ვუსურვებ ყველა სტუდენტს, უნივერსიტეტს უკეთეს მომავალს, ჩემ თაობას კი გაღვიძებისკენ და გამოფხიზლებისკენ მოვუწოდებდი …

Advertisements

7 thoughts on “ერთი წელი თსუ-ში…

  1. კარგი პოსტი იყო,თუმცა აქვე აღვნიშნავ,რომ ვიყო აბიტურიენტი და გადაწყვეტილი მქონოდა თსუ-ში ჩაბარება,ამ პოსტის შემდეგ აუცილებლად გადავიფიქრებდი : ))

  2. ჯინიანო, მე სიმართლე დავწერე… ისე კი ვისურვებდი, მომდევნო წლის სტუდენტები რომ შეაფასებენ და დაწერენ პირველი კურსის შესახებ, სკეპტიკოსებს და აბიტურიენტებს თსუ-ელობას მოანდომებს.:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s