ენა ქუჩა არ არის… ანუ ”ინსფირეიშენი” რად მინდოდა?!

<ამ თემაზე ხშირად, უფრო სწორედ ყოველთვის მიფიქრია, სკოლიდან დაწყებული (ბაღში არ მივლია, თორემ ბაღს ვიტყოდი) აბიტურიენტობა გამოვლილი და უნივერსიტეტში გაგრძელებული… ეს თემა კი ''საქები და სადიდები'' ქართული ენის დამახინჯებას ეხება… სურვილი სულ მქონდა დამეწერა, მაგრამ ჩემი თავის და დეპრესიის გადამკიდე, ვერასოდეს მოვიცალე.. შეიძლება ითქვას, 14 იანვარს, უნივერსიტეტის წინ მდებარე ქსეროქსმა მე და ჩემ კურსელ სალომეს მოთმინების ფიალა აგვივსო და ორივემ დაწერა გადავწყვიტეთ… სალომ დამასწრო, მაგრამ ვალში არც მე დავრჩები ქართულ ბლოგ-სივრცეს…
ო ფ ე ნ
ზუსტად ასე წაიკითხავთ ქსეროქსის ჯიხურის კარზე, დიდი ქართული ასოებით… კაცმა რომ თქვას, არ გამკვირვებია და ალბათ არც არავის გაუკვირდება, ვინც საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორთა (ყველას არ ეხება) ლექციებს დასწრებია, ან კიდევ , უფრო უარესი ს.უ.-ის სემინარებს…ყურს გატკენთ ისეთ სიტყვათა სიმრავლე, როგორებიცაა : ”ქუიზი,” ფულ-თაიმ ჯობი”, ”ფართი,” ”გაიდი,” ”აი-ქონთექთის კრიტერიუმი”, ”ფულლ პროფესორი”(არ აგერიოთ ფულიან პროფესორებში) , ”აიდენთითი”, ”ფრეზენთეიშენი” და ასე შემდეგ… მოკლედ, იყვნენ თუ არ იყვნენ ამერიკაში ან ბრიტანეთში, ყველანი მაინც გულს აწვრილებენ და ენას იტეხავენ ინგლისური სიტყვებით… როგორც ჩემი ძვირფასი და ოკეანედალეული ლექტორი იტყოდა, ”ჩვენი ხნის თურმე მას ინგლისურის სტაჟი აქვს.” – ჩვენ ბოდიში, რა…. არადა, ეს რომ ცოტა ”ისე” გვეთქვა ”პატივცემულისთვის”, ”რილეიშენები” გაგვიფუჭდებოდა, რაც ნაღდად არ გვაწყობდა მეასედ ქულებზე დახარბებულ და დანატრულებულ ს.უ.-ის ბავშვებს, ეგეც არ იყოს, თავისი გრძელი ”სფიჩით” საკადრის ”ფლეისს” მოგვიჩენდა და მთელი ლექცია აქტიურობაჩვეულ სტუდენტს ”ვოისს” არ ამოგაღებინებდა… -ჩვენ ბოდიში ”პატივცემულო.” არადა , მახსოვს, პირველი კორპუსის ბაღში ალალად ნათქვამ ”დეითზე”(პაემანი-ჩვენებურად), როგორ ავუშარდი ჩემ მეგობარს… თურმე ჯერ სადა ხარ… (15 ს.უ. სემინარი გაქვს წინ)…
მოკლედ, ქართველები რომ სნობები ვართ, ეჭვს არავისში იწვევს და საყოველთაოდ ცნობილია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ მე-17- მე-18 საუკუნეებში მოუწოდებდა სულხან-საბა ქართველებს ”უბრალოდ მეტყუელებისკენ”, (რაშიც ალბათ იმდროინდელ ”კუდაბზეკია” ქართველებს გულისხმობდა, სპარსულით რომ ენას იმტვრევდნენ), დავრწმუნდებით, რომ საქმე არც ახლაა კარგად და პირიქით, გაუარესებულიცაა… შეგვიძლია დავასკვნათ, რაოდენ ერთ ადგილას დაყინული საზოგადოება ვართ და რაოდენ არ მოქმედებს ჩვენზე არც ისტორიული პროგრესი და არც ჟამთა სვლა.. ენას, რომელსაც მტერი , იქნებოდა ეს ოსმალო, სპარსი, მონღოლი თუ რუსი-გვართმევდა, დღეს თვითონ ვართმევთ საკუთარ თავს და მეეჭვება , იგი ნორმალური სახით მივიტანოთ ჩვენ მომავალ თაობამდე… არადა სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი, რაც ზემოთ აღვწერე, იმ უნივერსიტეტში ხდება, რომლის სტუდენტობამაც, თუნდაც 1978 წლის აპრილის მოვლენებში, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა… ზედმეტად ”განაზებული” და ”გაძერსკებული” ქართული კი ალბათ ყველაზე უფრო საშინელი მოსასმენია დედამიწის ზურგზე… რიგით ქართველს, თუ უბრალოდ, 6-7 თაობის თბილისელს, შეიძლება აჭარის ან გურიის მკვიდრის აქცენტზე და სპეციფუკურ სიტყვაზე გაეცინოს და არაცივილიზებულობა ეგონოს, მაშინ , როცა მის ქართულს 9 ლინგვისტი-ენათმეცნიერიც ვერ დაადგამდა თავს და ბოლოს…
ნოემბრის დასაწყისი იქნებოდა, ავადსახსენებელ ”ყვითელ ავტობუსში” ასულმა და იმით გახარებულმა, რომ ძლივს ცარიელი სკამი დავინახე, განწყობა მალევე შევიცვალე, როცა წინ 3 ქართველი ”თინეიჯერი” გოგოს (ესენი ზე”თინეიჯერები” იქნებოდნენ) დაწერილი ”სვეცკობაზე პრეტენზიის მქონე” ფრაზები წავიკითხე: ”tekla var chemeee”, ”gvanci var te shtoo” და ”marikuss var gejooo”… გეფიცები, ასეთი ხალხი დებილი მგონია და მეტი არაფერი… სხვა ავტობუსის მწვანე სავარძლებზე გადმონთხეულ ”სიბრძნეებს” აღარ გავაგრძელებ, თორემ ძალიან შორს წაგვიყვანს… მაგრამ ”თინეიჯერს” რა უნდა მოსთხოვო, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ სხდომაზე , ერთმა პარლამენტარმა, ასეთი დახვეწილი ქართულით მიმართა პატივცემულ კოლეგებს: ”ოპოზიციონერთა სკარბეზულად დეკლარირებული სკეფსისი გამაღიზიანებელიაო!” ახლა ამ წინადადებას დააკვირდით და მიხვდებით, ვინ და რა არის გამაღიზიანებელი… ჟურნელისტებზე ნურაფერს ვიტყვით, უმეტესობას თავისი გაჭირვება ეყოფა, მაგრამ ერთს დავძენდი, რომ ”კურიერის” ან ”ქრონიკის” ყურებისას (ეს წელიწადში 2ჯერ ხდება : ) თავი ქართველი კი არა , უცხოპლანეტელი მგონია : ( რომელსაც ქართული კი არა, ადამიანის ნალაპარაკევი საერთოდ არ ესმის…
მოკლედ, 2 ვარიანტია : ან ძველები უნდა ”გებლატაონ” რუსულით, ანაც ახლები ”წაგესვეცკონ” ინგლისურით… ისე, რაც მეტ უცხოურ ჟარგონს ან სიტყვას გამოიყენებ, მეტი ფასი გადევს, სტუდენტთანაც და ხშირად ლექტორთანაც, ”ტი შტოო,” უფრო განათლებული და ”საკაიფო” მცოდნე ტიპი ხარ მაშინ… ხო მართლა, დედაქალაქური ვიზავ არ დაგვავიწყდეს… ურომლისოდაც შეიძლება ”პროვინციელის” ტიტული მოგაკრან (რითაც ძალიან ვამაყობ, უნდა აღვნიშნო)…
ნუ მოკლედ, ჩემი შთაგონება-შეგონებები, როგორც მავანნი იტყვიან :”ინსფირეიშენები” იმედია თქვენ არ დაგჭირდებათ, მეც ვცდილობ უკეთ ვისაუბრო, რაც ზოგჯერ მართლა არ გამომდის… იმედია, ჩემი ქართულის გამო მეც არ ამარტყამენ (თბილისურად-ამარტყავენ) და არ დამდაღავენ ”გოიმის” იარლიყით, მერე რაღა დამაძინებს ფილოსოფიისთვის ღამენათევს მაგაზე (სტიგმებზე) ჯავრით…
მოვუფრთხილდეთ ჩვენს ლამაზ ენას… ამ ენაზე ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ… იმედია მათ წინაშე პირნათელი ვიქნებით…

პ.ს. ორიოდ დღის წინ, უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელთან, ახალბედა მამა ასე ლაპარაკს ასწავლიდა ხელში ატატებულ პატარას : ”მაამაა, გაიმეორე: სიგარეტი მიყიდეეე ტოო, ეე გესმის შეენ? სიგარეტი მიყიდე ტოო” …
ვერ ვხვდები, რატომ მაინცდამაინც სიგარეტი თოთო ბავშვს და რატომ მაინცდამაინც ”ტოო”…. ?….?.. ?…

P.P.S.

This slideshow requires JavaScript.

ამის განსჯა თქვენთვის მომინდია, მე კი იმას დავამატებდი, რომ ენა ქუჩა არ არის და ნუ ავატალახებთ მას…(!)

Advertisements

4 thoughts on “ენა ქუჩა არ არის… ანუ ”ინსფირეიშენი” რად მინდოდა?!

  1. ოთო კარგს იზავ თუ შენც დაუმუღამებ დვიჟენიას
    მერე უფრო ლაითი იქნება შენთვის ამის მოსმენა

    • არასოდეს :)) დამუღამება ერთია და მიღება მაგის მეორე :)) არ მგონია ეგეთი ”ენის მოტეხვა” მომეწონოს როდესმე..
      ისე რას ვამჩნევ იცი? ვინც ‘გარტყმაში’ არაა ინგლისურის, ის უფრო ბევრს ბლატაობს ხოლმე… 🙂

      • ეგ იასნია ეგრეა,
        ეგეთ ტიპებს უფრო ევასებათ
        წიპა, იმიჯს იქმნიან
        კაროჩე რა

  2. პოსტი მომეწონა. კრიტიკასაც ვიზიარებ(ნაწილობრივ). ესაა უბედურება otius ჩვენ არ ვიცით ღრმად ჩაძინებულნი საით მივექანებით და ძალიან, ძალიან გვიან აღმოვაჩენთ, რომ (ღმერთმა ნუ ქნას) ჩვეენი საქციელით დავკარგეთ ენა, მამული, სარწმუნოება.
    p.s.უნივერსიტეტის ქსეროქსში გაკრული წარწერები (ოფენ, ქლოზე, ხეროხი) მხოლოდ სახალისო კრეატიულობის (მაპატიეთ-შემოქმედითობის) ნაყოფია, რომელზეც უბრალოდ უნდა გაიღიმო ;)))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s